გამოფენა: VICTIMA
გია ბუღაძე
2015
გოეთეს ჰკითხეს, რა არის თავისუფლებაო და მან უპასუხა - მსახურება, ნებაყოფლობითი მსხვერპლი. ჭეშმარიტი თავისუფლება სწორედაც რომ არ გულისხმობს არჩევანს, რადგან არჩევანის პირობებში ადამიანი ორჭოფობის ტყვეობაში ხვდება. ხოლო მსხვერპლის გაღებისას იგი არჩევანს არ აკეთებს, ეს მისი ბუნებრივი ქმედებაა, რადგან იგი მსხვერპლში ყოფიერებს.
სწორედ ამგვარი მსხვერპლის თემა - Victima - აერთიანებს ამ გამოფენის სხვადასხვა ნამუშევარს. ეს არის მსხვერპლის გაღების, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის, როგორც ყოფიერების თანმდევი ფენომენის ერთგვარი კვლევა ვიზუალური საშუალებებით, რაც სხვადასხვა თემითა და ფორმითაა ასახული გამოფენაზე წარმოდგენილ სხვადასხვა ტექნიკითა და მედიუმით შესრულებულ 20 ნამუშევარში.
ნებაყოფლობითი მსვერპლგაღება, ეს სიყვარულით გაღებული მსხვერპლია, მას თავდადება, ერთგულება უდევს საფუძვლად. ამ გამოფენის ძირითადი ნამუშევარი სწორედ ნებაყოფლობით მსხვერპლს ეხება, რომლის საფუძველი პარიოტიზმი, ღირსება და ერთგულებაა და მას ქვია “მსხვერპლი ღირსებისათვის”. ეს ამ გამოფენის ძირითადი თემაა.
გამოფენა წარმოადგენს კაცობრიობის კულტურის, ისტორიული გამოცდილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დრამატულ ასპექტს _ მსხვერპლგაღების იდეას სხვადასხვა ასპექტით: მსხვერპლგაღებას თვითგაცხადებისა და თვითრეალიზებისათვის, მსხვერპლგაღებას დროის წინაშე, მსხვერპლგაღებას იდეალებისათვის, მსხვერპლგაღებას პროფესიული სრულყოფისათვის, მსხვერპლგაღებას მეგობრობისათვის, მსხვერპლგაღებას საკუთარი ოჯახისათვის და უბრალოდ “ბრმა” მსხვერპლს, ე.წ. ფატალურ მსხვერპლს, რომლის შეცნობა ჩვეულებრივი გონებისათვის შეუძლებელია.
ამ ნამუშევრებზე მუშაობის დროს მივხვდი, თუ რას ნიშნავს, ადამიანმა იპოვოს საკუთარი ცხოვრების აზრი. ეს ნიშნავს, ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავის საწამებელი იარაღი, ანუ გადადგას ნაბიჯი ნებაყოფლობითი მსხვერპლისაკენ და ამით აჯობოს საკუთარ თავს, ამაღლდეს მასზე.
ფერწერული ნამუშევრების ზომები: 120x160