არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ყოველდღიურობის ქსოვილი

ინსტალაცია

თამარ ჭაბაშვილი

ინსტალაცია, Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა
2017

კონტეინერში, როგორც მობილური საგამოფენო სივრცის კონტექსტში, ახალი ნარატივის შესაქმნელად, ვიყენებ ჩემი წინა ნამუშევრების ელემენტებს: სუფრას, ბოხჩასა და მოსაჩითი ნიმუშების წიგნს. კონტეინერი, როგორც წესი, განკუთვნილია საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, რომელიც დამალულია მის სივრცეში. დამალულ შინაარსზე ხაზგასმით ჩემი ნამუშევრები ისაუბრებენ ქალთა იმ მტკივნეულ გამოცდილებებზე, რომლებიც ძირითადად შეუმჩნეველი რჩება.

ყველა ეს ნამუშევარი ნაჭერშია შესრულებული და ყოვედლღიური მოხმარების ნივთებს ეფუძნება. ცხოვრებისეული სირთულეების ნიმუშებად წარმოსახვით, ვცდილობ ვისაუბრო იმ რუტინულ ძალადობაზე, რომელიც არსებული სოციალური და კულტურული ნორმებით არის განპორობებული. თითოეული ნამუშევარი წარმოადგნეს მცდელობას, მიჩუმათებულ ხმას შეუქმნას სივრცე.  

ტრადიციულად სუფრა ქალის მიერ არის მორთული. ლაქებისა და ნაკერების მიუხედავად სუფრა ოჯახში ხშირად ათწლეულების მანძილზე ინახება. ეს საოჯახო საგანძური, როგორც დღიური, პირად მოგონებებს ინახავს. სუფრას შეუძლია ის საკითხები გამოფინოს საჯაროდ, რომლებიც მიჩუმათებულია.

ბოხჩა, მართკუთხა ქსოვილი, მობილურობასთან არის დაკავშირებული და მოგზაურობის ან გადაადგილებისას პირადი ნივთების სატარებლად და შესანახად მნიშვნელოვანი ნივთს წარმოადგენს. როგორც ერთგული თანამგზავრი, ბოხჩა მფლობელისთვის მისი ცხოვრებისეული გამოცდილებების არქივიცაა.

მოსაჩითი ნიმუშების წიგნი ქსოვილისთვის განკუთვნილ ნიმუშების კრებულსა და შესაძლო დიზაინის გზამკვლევს წარმოადგენს. როგორც საპრეზენტაციო სივრცეს, მას შეუძლია შეაგროვოს და შეინახოს ის ელემენტები, რომლებიც ტრადიციულობას კითხვას უსვამს და სივრცეს ქმნის ახალი ნარატივებისთვის.

ნამუშევრები განთავსდება ხის მაგიდებზე, რომლებიც ადგილობრივი ოჯახებიდან სპეციალურად ამ გამოფენისთვის იქნა გამოთხოვილი.