გამოფენა: უფსკრული უფსკრულს გასძახის
გია ბუღაძე
2016
უფსკრული უფსკრულს გასძახის...
პროექტი “უფსკრული უფსკრულს გასძახის...” ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და წარმოაჩენს იმ ძირითად დრამატულ კოლიზიას, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს შეპირისპირებაში მდგომარეობს. ეს შეპირისპირება, ამავე დროს, მთლიანობასაც და აუცილებელ სასიცოცხლო დრამასაც წარმოადგენს, რაც მაკროკოსმის და მიკროკოსმის მთლიანობას განასახიერებს. ერთი სამყარო მეორეს მიმართავს, რათა მათ მთლიანობას მიაღწიონ ისე, რომ არ დაიკარგოს განსაკუთრებული ინდივიდუალური დამოკიდებულება.
შოუ-გამოფენის ძირითადი კონცეპტი წარმოაჩენს სიმპატია-ანტიპატიის, მთელისა და ერთეულის მუდმივ მოძრაობას და დრამატული ჭიდილის საკითხს. სწორედ ეს ერთგვარი უნივერსალია _ ანტიპატია-სიმპატია, მიზიდვა-განზიდვა, კითხვა-პასუხი და ა.შ. _ ქმნის წარმოდგენილი შოუ-ექსპოზიციის ტოტალური ინსტალაციის ძირითად პათოსსაც და კონცეპტსაც.
წინააღმდეგობათა დაძლევის ინტენცია გამოიხატება მრავალპლანიანი, პოლისტილისტიკური, თითქმის პალიმფსესტური, რამდენადმე “გეოტექტონიკური” და ტრანსფორმაცია-პროტეუსული ხერხებით. გამოყენებულია ციკლურობის, დისტანცირების, თემატური განშლის, განზოგადების მეთოდები და ასევე, კონკრეტული ფერწერის და ბიოტექნოლოგიური ინსტალაციის ხერხები.
შოუ-ინსტალაცია, ექსპოზიცია მრავალპლანიანი, პოლიმორფულ-პოლისემანტიკური, პოლიიმაგინაციური ინტერფერენციაა, თავისი მრავალი სიმულტანური დეცენტრირებით; ხშირია სტილური პარალელები, ირონიული დისტანცირება და ალეგორიულ-მეტაფორული ასოციაციები.
ესაა ერთგვარი კვლევა გარეგანსა და შინაგანს შორის ურთიერთკავშირისა. ეს არის შეძახილი ადამიანისა სამყაროს მიმართ, ეს არის მცდელობა ვიზუალური, თვალით აზროვნების ხერხით, ერთგვარი სინთეზიის გზით მძაფრი, ინტენსიური ჟღერადობის მქონე შეკითხვის დასმისა, რომელსაც პირობითად “დასკვნითი შეკითხვა” შეიძლება ეწოდოს. ამ შეკითხვაზე პასუხს არც ველით და არც ვითხოვთ, რადგანაც ხელოვნების ამოცანას პასუხის გაცემა როდი წარმოადგენს, არამედ, რეალობის, არსებობის, ყოფიერების ინტენსიურობის გამძაფრება; ხოლო ირონიული დისტანცია კი, საშუალებაა, რომელიც ეყრდნობა ერთგვარ “ჯანმრთელ” ნეოკონსერვატიზმს, აღიარებს რა საკაცობრიო დანიშნულებას “დასაწყისიდან დასასრულამდე”, ამ გზის ისტორიულ ტელეოლოგიურობას. ანუ მიზნობრივ მიმართებას, ანუ ადამიანის არსებობის გამართლებას, ანტროპოდიცეურობას.
ეს არის სრულიად არაფუნქციური, არაუტილიტარული არტისტული აქტივობის შედეგი, რომელიც ქმედებასთან ერთად მიზნად ისახავს თვითრეფლექსირებით შინაგანი და გარეგანი სამყაროს ერთიანობის და ურთიერთშეღწევადობა-პენეტრიაციის საკითხის გაცნობიერებას; პროექტი ეყრდნობა კონცეპტუალურ სტილისტიკურ ღიაობას, ისტორიულ “სპირალურობას”, მანტალურ ეთიკურობას და ესთეტიკურ პლურალიზმს. ამას კი ზურგს უმაგრებს ხანგრძლივი გამოცდილება, ბევრი შრომა, მუდმივი ფიქრი, წიგნების “ქექვა”, მუსიკის მოსმენა, მოგზაურობა და ცხოვრებისეული ყოფითი გამოცდილება აღსავსე ტრაგიკომიკურობით; და საბოლოოდ ყოველივე ამისაგან დისტანცირებით, თვითრეფლექსირებითა და, რაც მთავარია, დიდი სიყვარულით და მადლიერების გრძნობით მხატვრობის მიმართ.
P.შ. წარმოდგენილი ექსპოზიცია “უფსკრული უფსკრულს გასძახის...” სრულდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში (2015-2016) და ის ლოგიკურად ამოიზარდა წინა სერიიდან “VIჩთIMA I”, “VIჩთIMA II” (მსხვერპლი), რომელიც ჩვენთვის უმძიმეს დევნილობის პრობლემას ეხებოდა. VIჩთIMA ასევე წარმოდგენილი იყო 2014 წელს ამავე დარბაზში. ასე რომ, დღევანდელი ექსპოზიცია წინა გამოფენის ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება განვიხილოთ.
გია ბუღაძის არტ-გენეოლოგია
ბაბუები _ პიერო დელა ფგრანჩესკა და მიქელანჯელო ბუონაროტი
მამა _ რიჰარდ ვაგნერი
ბიძები _ მათიას გრუნევალდი, კასპარ დავით ფრიდრიჰი
ბიძაშვილები _ ელ გრეკო, კარავაჯო, რემბრანდტი
ბავშვობის მეგობარი _ ვინსენტ ვან გოგი
ყმაწვილკაცობის მეგობრები _ ვერმეერი და სეზანი
ერთგული მეგობრები _ გუსტავ მალერი და ანსელმ კიფერი
P.S. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, გარკვეული გენდერული ბალანსი ვერ დავიცავი.