არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Olim

ფერწერა

გია ბუღაძე

ტილო, შერეული ტექნიკა
2017
120x180 სმ.

OLIM- ოდესღაც 

Olim ლათინური სიტყვაა და ნიშანვს „ოდესღაც“.

სერია - „Olim - ოდესღაც“ შეიცავს დროის ორ მიმართებას, მიმართებას, როგორც წარსულისაკენ, ასევე მომავლისაკენ.

სერია „Olim - ოდესღაც“ მეგალოგრაფიაა, რომელიც შედგება 33 ნაწილისაგან, 33 დამოუკიდებელი სურათისაგან, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტა­ბუ­რი და აქტუალური იდეის, თუ პრობლემის დასმისაკენ.

სერია - „Olim - ოდესღაც“ არის ქმნილება, რომელიც აყენებს საკითხს შენახვის, გადა­ნახ­ვის, დაფარვის და გადარჩენის შესახებაც კი.

ევროპაში, და არა მარტო იქ, არსებობს ერთი საყოფაცხოვრებო რიტუალური ტრადიცია, უფრო სწორად, საყოფაცხოვრებო ქცევის წესი - როცა ბინას, ან სახლს დროებით ტოვებენ, ნივთებს, საგნებს, ავეჯს, სარკეებს, ჭაღებს თეთრი მატერიით -სუდარით ფარავენ, რათა შეინახონ, დაზიანებისა და მტვრისაგან დაიცვან ისინი იმ დრომდე, ვიდრე შინ დაბრუნდებიან. 

სერია Olim გულისხმობს ძვირ­ფა­სის, ძველის, და არა ყავლგასულის, შენახვას, რადგანაც ის, რაც სათუთად ინახება ყოველთვის შეიძლება გაცხადდეს. და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ამის დრო მოვა, როცა ჩვენი შინ დაბრუნების დრო დადგება.

Olim ოდესღაც შინ დაბრუნების და შენახვა-მოფრთხილების მეტაფორაა, რაც, თა­ვისი გამჭირვალობის მიუხედავად, მრავალ იდუმალ, გაუხსნელ შინაარსებს მოი­ცავს.

Olim ეს არის ვიზუალური მახსოვრობის „თეატრი“, რომელიც გადანახვას და შენახვას ისახავს მიზნად. ამიტომაც გამოვიყენე ამგვარი მეთოდი: წმინდა წერილიდან, კერძოდ კი, სახარებიდან ავიღე სცენები, ისინი ისეთი იკონოგრაფიული ვერსიებით გამოვსახე, რომ ყოველი სცენა იოლად ამოსაცნობი ყოფილიყო. სცენები ტილოზე დავიტანე და თეთრი სუდარა „გადავაფარე“, შევფუთე ერთგვარი სუდარა-ბადით, გადავმალე, გადავინახე, გაცხადება-გახსნის დრომდე შევინახე.

საერთოდ სახე-ხატება, გამოსახულება, თვით სახვითობა უღრმესი მულტი­კულ­ტუ­რული და მეტაისტორიული გამოცდილებების ნაკრებია. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში გამოსახულების დატანა, კონტურის დასმა, ამოტვიფრვა განსაკუთრებულ რიტუალურ-მაგიურ მნიშვნელობას ატარებდა; გამოსახულების კონტურის ხაზის, მისი დატანის უფლება მხოლოდ მხატვარ-მწერალ-ქურუმს ჰქონდა.

კვალის დატოვება, კონტურის, ანაბეჭდის დატანა ძველეგვიპტურად გამოიხატება სიტყვით სეშეპ. ხოლო ტერმინი სეშეპანქჰ-ატუმ ასე ითარგმნება - მარადისობის წარუ­ვა­ლი სახე-ხატება.

ქრისტიანობამ „მარადიული სახე-ხატების“ იდეა იკონოგრაფიულ სისტემა-დოგმატად ჩამოაყალიბა და ერთ-ერთი ცენტრალური იდეა ახალ სახე-სიმბოლოს, ე.წ. ვერონიკეს - „პირს უფლისას“ დაუკავშირა. ამ გამოსახულების საფუძვლია აპოკრიფული გადმოცემა: ჯვრის ზიდვისას უცხო ქალმა მაცხოვარს თავსაფრით სისხლი და ოფლი მოწმინდა;  და ამ თავსაფარზე  სასწაულებრივად აღიბეჭდა მაცხოვრის ხელთუქმნელი სახე, მისი უკვდავი ხატება. ქალის სახელი იყო ვერონიკე, რაც ჭეშმარიტ სახე-ხატებას ნიშნავს (Vero + iconos). კვლავ სეშეპანქჰი - მარადისობის წარუვალი სახე.

ანაბეჭდის დატანა, მარადისობის სახე-ხატის ასახვის იდეა წამყვანი იდეაა ყველა ეპოქაში, ოღონდ მისი აღქმა-გაგება ყოველ ეპოქაში ხან ივსება გარკვეული შინაარსებით, ხან კი - იცლება, თითქმის ცარიელდება და ეს კრი­ზი­სუ­ლობის ნიშანია. 

სერია „Olim - ოდესღაც“ შინაარსთა დაფარვა-გახსნის იდეის გააქტუალურებას გუ­ლის­ხმობს, როცა ის მრავალი იდეა, რომელიც დღეს შენახული და დაფარულია, გაიხ­სნე­ბა და აიხსნება; ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შინ დაბრუნების დრო დადგება. 

გია ბუღაძე