Ode to Spring
თამარ ნადირაძე
ქაღალდი, აკვარელი, კოლაჟი
2019
300x500 სმ.
TAF 2019, Expo-Georgia
ნამუშევარი ქართული მითებისა და ზღაპრების ავტორისეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ხელოვანის მიერ ისინი ახლდანდელ დროშია გადააზრებული და თანამედროვე სამყაროსათვის ნიშნეული, აქტუალური და მტკივნეული კონტექსტებითაა დატვირთული. სიუჟეტი აბსტრაქტული სამყაროს კონსტრუირებას ახდენს. იგი აერთიანებს როგორც ირეალური, ასევე რეალური სამყაროს ელემენტებსაც და გვამცნობს გაზაფხულის მოსვლას, ხოლო პერსონაჟები გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რიტუალებს ასრულებენ.
“Ode to Spring” ნამუშევრის სახელწოდებაა, სადაც გაზაფხული სიცოცხლის განახლების, ხელახლა დაბადების მეტაფორა და მთავარი იდეაა.
Ode ლექსის ერთგვარი ფორმაა, სადაც ერთიანდება ინტელექტუალური და ემოციური მხარე. იგი ძველ საბერძნეთში წარმოიშვა, შემდეგ კი განვითარება რენესანსის პერიოდში თავიდან დაიწყო. ოდა ეწოდებოდა ასევე რაიმე მოვლენის ან პიროვნების პატივსაცემად დაწერილ ვოკალურ მუსიკალურ ნაწარმოებს.
ოდა საქართველოშიც გვხვდება, როგორც საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სახეობა, ძირითადად დასავლეთ საქართველოში.
ხელოვანს სამეტყველო ენად ტყე აქვს გამოყენებული და ყველა პერსონაჟი მასთან არის დაკავშირებული, ტყე, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. მისი დაწვა კი მეტაფორულად სიცოცხლის, ძალის, სიყვარულის, ემოციის გაქრობას უკავშირდება.
ცენტრალური ფიგურა, ახალგაზრდა ქალი, “ნაყოფიერების სიმბოლო”, ძალადობის მსხვერპლია; მას აიძულებენ სიცივეში ცივი წყლით განიბანოს, რადგან ის ნაყოფიერების აბსტრაქტული სიმბოლოა, ისევე, როგორც აბსტრაქტულია ფასკუნჯის ძალა, ან წიქარას უკვდავება.
ტექსტის ავტორი, კურატორი, ნინი დარჩია.