არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

17 მაისი, თანამედროვე მითოლოგია

ვიდეო

მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე

კადრები დოკუმენტური ვიდეოდან, ციფრული
2015
ფოტო: არტისტერიუმი N8, რას ფიქრობ დღეს?, კატალოგი, 2015

“ღმერთი რომ ქვეყნებს ანაწილებდა, ქართველები ქეიფობდნენ და ღმერთთან მისვლა დააგვიანდათ. რომ ეახლნენ, ღმერთს ყველა მიწა უკვე დარიგებული ჰქონდა. ქართველებმა უთხრეს - უფალო, გვაპატიე, დაგვაგვიანდა, შენს სადღეგრძელოს ვსვამდითო. ეს რომ გაიგო ღმერთი აღარ გაბრაზდა, თავისთვის ერთი მიწა ჰქონდა შენახული და ქართველებს ის მიწა მისცა. ეს მიწა საქართველოა” საქართველო მითების და ლეგენდების ქვეყანაა. უძლეველი მეფეების, სასწაულებრივი გამარჯვებების, ღირსეული დამარცხებების, ღმერთთან წილნაყარობის, სისხლის მდინარეების, თავგანწირული გმირების, ქართული გენის ქვეყანა. გასული საუკუნის 90-ან წლებში, ომში, უშუქობასა და სიცივეში, ეროვნულთან შეზავებული საბჭოთა მითოლოგია თითქოს წარსულთან ერთად დავიწყებას უნდა მიცემოდა. თუმცა ბელადებთან დამშვიდობება რთული აღმოჩნდა. თეთრ რაშებზე ამხედრებული, უძლეველი და ღმერთთან დამეგობრებული, ყოვლისმცოდნე, ღმერთებივით და ღმერთზე უფრო ბრძენი ლიდერები ქვეყანაში დღემდე ერთმანეთს ცვლიან. საბჭოთა მითოლოგიის გაბზარული ტაძარი ეკლესიამ შეაკეთა და გაამაგრა. გუმბათები ოქროთი მოავარაყა და დამსხვრეული კერპები ახლით ჩაანაცვლა. ოქროს საკურთხეველი ააგო და მსხვერპლად თავისუფალი ნება, ადამიანის უფლებები და თავისუფლება შესწირა. ურიცხვი უძრავი ქონება, საჩუქრები და კანონზე უზენაესობა ხარკია, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება ახალ კერპებს უხდის. საქართველოში თანამედროვე მითოლოგია საშიშია და უმოწყალო. სიძულვილზე, შიშზე და სიხარბეზე აგებული სახელმწიფოს და უზენაესი ღვთაებების ქორწინება ქმნის დაუსრულებელი სისასტიკის თეატრს. დაუსრულებელ აბსურდულ რეალობას. მოსაწყენს და სასაცილოს.