არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სერიული მკვლელი (დიპტიხი)

ვიდეო

მიშიკო სულაკაური

ტილო, ზეთი, ტყვიები, ციფრული ვიდეო
2019
1'37'' 140x80 სმ.

იხილეთ ვიდეო ხელოვანის ვებ გვერდზე: sulakauri.com

სერიული მკვლელი

ის არ არის ფიქსირებული, ჩაკეტილი კონკრეტული მედიუმის საზღვრებში. ის იმგვარად გეგმავს და ანხორციელებს, რომ მხოლოდ სამმაგი ქმედების - შექმნისა, დაზიანების და დაფიქსირების შედეგად ხდება აქტიური მისი ნამუშევარი. მასთან სახვითი ხელოვნება რეალობის გავლით პერფორმატიულ აქტთან იკვეთება და თავად ხდება მოვლენა, რომელიც უსასრულო კავშირებს და მნიშვნელობებს აჩენს. ამგვარად ახალი კონცეპცია იბადება მოგვიანებით, აგრესიული აქტის განხორციელების, მისი იარაღიდან დაცხრილვის შემდეგ და არა აპრიორი, ტილოს შექმნისთანავე. შესაბამისად, მოქმედების სტრატეგია გულისხმობს ნამუშევრის არა მხოლოდ პასიურ ჭვრეტასა, ცქერას და მოხმარებას, არამედ მის ქმედით, საკმაოდ სახიფათო აგენტად განხილვას.

მნიშვნელოვანია, რომ პერფორმატიული აქტი არ ხორციელდება ხელოვნების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, „უსაფრთხო“ გარომოში (გალერეა, სტუდიო), არამედ ტირში. მხატვარი ტოვებს კომფორტულ, ნოსტალგიურ მდგომარეობას და დე-ტერიტორიალიზაციის და თვითსაბოტაჟის აქტის მეშვეობით იჭრება ველში, სადაც არ გრძნობს თავს დაცულად ხელოვნების წესების მიერ. ის იგდებს თავს მდგომარეობაში, რომელიც ერთდროულად „მე“-სთან მარტო დარჩენას და ამავე დროს მისგან დისტანცირებას და საკუთარი ნამუშევრისგან გაუცხოებას -  მისი „უცხოს“ პოზიციიდან წაკითხვას აიძულებს. მისი სამიზნე არა მარტო საკუთარი „მე“-ა, არამედ „სხვა“ საკუთარ თავში, ისევე როგორც „სხვა“ გარეთ, იქნება ეს დამთვალიერებელი, მყიდველი, სახელოვნებო ინსტიტუცია თუ სხვ..

მსხვერპლი/მოძალადე, შექმნა/განადგურება, სუბიექტი/ობიექტი ... ამ დიქოტომიებს შორის სივრცეში, ორმაგი მტანჯველი მზერის ქვეშ, რომელიც ერთდროულად არის პირადი (შინაგანი) და უცხო (გარეგანი), მხატვარი რეფლექსირებს იმ რეალიებზე, რომელზშიც მას უწევს არსებობა და მუშაობა. ის ქმნის ახალ „უცხო“ მედიუმს, რომლის მეშვეობით არსებულ კულტურულ, სოციალურ, არტისტულ სტრუქტურებს აანალიზებს. „სერიული მკვლელის“ მიერ ხელოვნების დაზიანებისა აქტი, თავად ხდება ხელოვნება, რომელიც არა მხოლოდ თვითრეფლექსიას, ინფანტიციდს, არამედ ავტორისა და ხელოვნების ჯაჭვის ურთიერთგამომრიცხავ, ხშირად მტანჯველ ურთიერთობებს, ფრუსტრაციას, თვითშეზღუდვას, კულტურის წნეხის ქვეშ მყოფი მხატვრის მდგომარეობის სურათს ასახავს. უკიდურესობამდე დაყვანილი აგრესიული აქტი, ჰიბრიდული ფორმატის მეშვეობით, იკვლევს ავტორის, როგორც ნამუშევრების „მწარმოებლის“, ძალაუფლების, ინსტიტუციის, ხელოვნების ბაზრის საკითხებს და მათი, როგორც რელობის ტრანსფორმატორების მნიშვნელობას და გავლენას, ისევე როგორც  დამკვიდრებული ეთიკური, ესტეტიკური ფასეულობებისადმი დამოკიდებულებას თანამედროვე საზოგადოებაში. მოქმედებს რა თანამედროვე ხელოვნების თამაშის წესებით, ამავე დროს, ავტორი ამ პერფორმატიული ქმედებით ქმნის დისკუსიას იმ საზღვრებსა და მახეების შესახებ, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების ველი ქმნის და განიხილავს საკითხს, თუ როგორ შეიძლება იცვლებოდეს და ვითარდებოდეს ეს წესები მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას მხატვრები იღებენ. მისი ნამუშევარი ხდება არა მხოლოდ ახალი გამოცდილების შედეგი, არამედ ერთგვარი მოწოდება, სადაც მხატვარი საკუთარ ქმნილებაზე (როგორც ხელოვნების ჯაჭვის აუცილებელ ნაწილზე) „ძალადობით“ დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელს სახელოვნებო ჯაჭვს - დამთვალიერებელს, მყიდველს თუ ინსტიტუციას რომელშიც ნაწარმოები გააგრძელებს ცხოვრებას.


მხატვრის მიერ საკუთარი ნამუშევრების სამიზნედ ქცევა და მათი სერიული დაზიანება ერთდროულად მოიცავს განადგურების და ქმნადობის პროცესს. ეს  უარყოფის ჟესტი ამავე დროს ახლის დასაწყისია, მოწოდება, გადარჩენის აღთქმა. არა მხოლოდ  ღია  ეთიკური და ფილოსოფიური დილემა, არამედ „ავტორის სიკვდილის“ იდეის წნეხის ქვეშ მყოფი მხატვრის პოზიციის მეტაფორული განსახიერებაა.

ავტორი პასიურად კი არ ასახავს გარკვეულ კონვენციებს, არამედ აქტიურად ააშკარავებს, უფრო სწორედ თავად ქმნის „ჭრილობებს“, წარმოაჩენს რა „გადარჩენის“ საკითხზე მოლაპარაკების აუცილებლობას. როგორც მედიუმი ვიზუალურ ენას, პროცესს და არტეფაქტს შორის, მხატვრის სხეული ხდება ხელოვნების აქტიური აგენტი, რომელიც არყევს ფიქსირებულ სტრუქტურებს, ცვლის კომუნიკაციური მექანიზმების სტრატეგიას. ესთეტიკური ნიშნის ამგვარი გადატვირთვა კი გაგრძელების მექანიზმს ააქტიურებს.

მხატვრის აგრესიული ჟესტით დაზიანებული  ზედაპირი თავად ხდება „სუბიექტი“, რომელიც მოწმობს გადარჩენას. ის თავად ხდება მოვლენა, რომელიც უნდა ვიკვლიოთ. იარებიანი არტეფაქტი ხომ უტყვ მოწმედ გვევლინება, რომელიც „რეზისტენტული“ სხეულის პარადიგმას იტევს....  და რაც უფრო მიუწვდომელია ეს ფსიქო-ფიზიკური ტკივილის იმიჯი, მით უფრო მეტად სასურველი ხდება ის როგორც ფლობის ობიექტი, როგორც სიმბოლო, რომელშიც უამრავი დაშრევებული, მოუხელთებელი კონტექსტია, რომელიც მრავალ კულტურულ რეფერენსს და ისტორიას აერთიანებს და აჩენს უამრავ კითხვას, რადგან  ამოუწურავია თავის მომავალ ქმედებაში.

ქეთევან (ქეთი) შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

24.11.2019