ნიშნები ზემო ჩრდილოეთით
მიშიკო სულაკაური
მულტიმედია ინსტალაცია, ვიდეო
2019
თუშური კოლექტიური ლხინისა და ჭირის დროს გაზიარებული წმინდა სითხის ხარშვის გამოცდილება და ცოდნა გერმანიის კულტურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
თუშეთი საქართველოს მაღალ მთიანი რეგიონი - სადაც მისასვლელად მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი გზა უნდა გაიარო. ადგილი, სადაც არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, არ ფუნქციონირებს მობილური და ინტერნეტ ქსელები. ეს თანამედროვე ინფრასტრუქტურისგან მოწყვეტილი, იზოლირებული ადგილი უდიდეს, დღემდე ამოუცნობ საკრალურ ინფორმაციას ინახავს.
თუშეთის უძველეს ცივილიზაციასთან სავარაუდო კავშირს ქვაში ნაკვეთი ნიშნები ადასტურებენ, რომელთა გამოსახვის და წაკითხვის პრივილეგია მხოლოდ ქურუმებს ჰქონდათ. დღემდე არ არის გამოკვლეული, თუ რა სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს პიქტოგრამები.
გაქრობის პირას მყოფი ფარული ნიშნები ჩვენს კოლექტიურ ქვეცნობიერში არქეტიპებად არის დალექილი, ქვაზე დატანილი ინფორმაცია ახალ მშენებლობებთან და უნიკალური შენობების ცვლილებასთან ერთად უჩინარდება, უხეში ჩარევა ანადგურებს თუშეთის აუთენტურ ინფრასტრუქტურას, სოფლებში ბუნებრივ მასალას ბეტონი და სხვა თანამედროვე სინთეტიკური საშენი მასალები ცვლის.
თუშების ღმერთები სამყაროს ვერტიკალურ მოდელში სახლობდნენ, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა - ქვესკნელი, სკნელი და ზესკნელი. თუშეთის გაქრისტიანების შემდეგ ღმერთების სახელები ქრისტიანულმა წმინდანებმა ჩაანაცვლა, მაგრამ წარმართული და ქრისტიანული კულტურის უჩვეულო სიმბიოზმა, თითქმის უცვლელად შემოინახა უძველესი თუშური წეს-ჩვეულებები და რიტუალები.
უმკაცრესი კლიმატის პირობებში, მზის სითბოსა და მოსავალზე დამოკიდებული მთის ხალხისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებას მზე წარმოადგენდა. სწორედ მზის კულტს, როგორც სითბოსა და სინათლის წყაროს და მუდმივი წრებრუნვის სიმბოლოს უკავშირდება თუშებისთვის საკრალური სასმელი- ალუდი, რომლის ინგრედიენტები და ხარშვის მეთოდი დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას და დესაკრალიზაციას განიცდიდა.
იხილეთ ვიდეო ხელოვანის ვებ გვერდზე: sulakauri.com