დუხობორების მიწა
ნათელა გრიგალაშვილი
დუხობორები, ანუ სულისთვის მებრძოლნი - ასე უწოდებს საკუთარ თავს მართლმადიდებლური პროტესტანტული საზოგადოება, რომელიც რუსეთში, ტამბოვის პროვინციაში, პირველად სამი საუკუნის წინ გამოჩნდა.
მეფის რუსეთიდან გასახლებულებმა და საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა ჯავახეთში ათი სოფელი დააარსეს. მიუხედავად არახელსაყრელი კლიმატისა, ისინი დიდი ენთუზიაზმით შრომობდნენ, შექმნეს საერთო კომუნა, დააარსეს ობოლთა სახლი, სკოლა. მალე ისინი კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ თემად იქცნენ. საბჭოთა დროს გორელოვკის კოლმეურნეობა საბჭოთა კავშირში სიმდიდრით მეორე აგილზე იყო. სოფელ გორელოვკის სკოლა კი ლევ ტოლსტოის დახმარებით აშენდა. დუხობორები გამოირჩეოდნენ როგორც მშრომელი, მოწესრიგებული და პატიოსანი ადამიანები.
ისინი რწმენაში ყოველივე მატერიალურს უარყოფენ: ჯვარს, ხატს, მღვდელს და ეკლესიურ წესებსა და კანონებს. დაბადებისას, ქორწინებისას და გარდაცვალებისას ატარებენ მარტივ რიტუალებს. ისინი ამბობენ, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, რომ ის უპირველესად ადამიანის სულშია და ყოველი ადამიანი თვითონაა ცოცხალი ტაძარი.
თემის სათავეში ყოველთვის იდგნენ სულიერი ლიდერები. მათთან არასოდეს დარღვეულა გენდერული ბალანსი, ყოველთვის არსებობდა ქალის კულტი და სულიერი წინამძღოლებიც ხშირად ქალები იყვნენ.
დუხობორები თვლიან, რომ ჯავახეთი წმინდა მიწაა. სოფელი გორელოვკა მსოფლიოში გაბნეულ დუხობორთა ცენტრად ითვლება. გორელოვკაში მდებარეობს წმინდა სასაფლაო, სადაც განისვენებს მათი სულიერი ლიდერი ლუკერია კალმიკოვა. აქვეა სამლოცველო სახლი, სადაც კვირაობით ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალები სპეციალურ ფსალმუნებს გალობენ.
დუხობორებისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო ოცი წელი იყო. არავინ იცის, რატომ აიყარნენ და დაბრუნდნენ რუსეთში. არსებობს სხვადასხვა ვერსია: რუსების მხრიდან ღალატი, შიში, შევიწროვება, ცრუ დაპირებები. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებმა ცხოვრება მეტ-ნაკლებად აიწყვეს, თუმცა სიმშვიდე მაინც ვერ მოიპოვეს, რადგან მათი სამშობლო ჯავახეთია. „ჩვენი სიმშვიდე მხოლოდ აქაა“, - ამბობენ დარჩენილები.
ჯავახეთში მათ სახლებს ანგრევენ და სახეს უცვლიან ახალი მეპატრონეები, რომელთათვისაც უცხოა მათი კულტურა. ნადგურდება საუკუნოვანი უნიკალური რუსულ-უკრაინული ჩუქურთმიანი სახლები, ხატები, ძველრუსული ბუხრები. დუხობორები ნაღვლიანად უყურებენ, როგორ მახინჯდება მათ თვალწინ წინაპრების სოფელი.
დუხობორებს სჯერათ წინასწარმეტყველებების, რომლის მიხედვითაც ჯავახეთი დაიცლება დუხობორებისგან, მათ მიწას და სახლებს უცხოები დაეპატრონებიან. ისინი გაივლიან დიდ და ტანჯვით აღსავსე გზას. მაგრამ მოვა დრო და დუხობორია ისევ აღორძინდება ჯავახეთში.