სერიიდან: Wifi Telepathy / უსათაურო
ანა ჯიბლაძე
შერეული ტექნიკა, ქაღალდი
2019
24x16 სმ.
ფოტო: ფოტო კრედიტები: ანა ჯიბლაძე
"ამ სერიის მთავარი პერსონაჟი ძაღლის სხეულის და ქალის სახის მქონე არსებაა. ამ ფიგურის შთაგონება ალბათ ჩემი საყვარელი მეგობრის – ლავას, ჩემი ძაღლის სახეა. ძირითადად ჩემი ინსპირაცია ყოველთვის პირადი ძლიერი ემოციებიდან, სასიყვარულო ურთიერთობებიდან, სიყვარულიდან ან სიძულვილიდან მოდის ხოლმე, მაგრამ ბოლო ერთ წელი უცნაური მქონდა – ის ძლიერი შეგრძნებები, რომლებსაც მიჩვეული ვიყავი და რომლებიც მკვებავდნენ, არ მქონია.
ჩემს ცხოვრებაში ლავას გაჩენაც ამ პერიოდს დაემთხვა, მასთან ურთიერთობამაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საგრძნობლად ნაკლებად დრამატული ადამიანი გავხდი. რაღაც პერიოდი საერთოდ ვერ ვაკეთებდი ნამუშევრებს და იმას ვაბრალებდი, რომ ზედმეტად მშვიდად ვგრძნობდი თავს, შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ზუსტად ამ აუტანელ სიმშვიდეზე მემუშავა. ამ პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი აღმოსავლური სპირიტუალიზმით დაინტერესდა, უცნაური იყო იმის ყურება, როგორ ცდილობენ ადამიანები მიაღწიონ სიმშვიდის მდგომარეობას, რომელიც ჩემთვის ასეთი აუტანელი გახდა.
ამაში კი უკვე იყო რაღაც დრამატული. ჩემს ტვინში სპირიტუალიზმი, სული, ტელეპათია ინტერნეტთან დაკავშირდა, რადგან ეს სივრცე რაღაც უხილავი ძალაა, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ფიქრები და გრძნობებია და არა ჩვენ მთლიანად, ასე გაჩნდა პირველი ნამუშევარიც , რომელსაც მოჰყვა მეორე დიდი ნამუშევარი, სადაც ადამიანური დრამა და განყენებული სიმშვიდე ერთმანეთს უკავშირდება. შემდეგ კი wifi telepathy, რომელშიც ამ მშვიდ არსებას მაღვიძარა უჭირავს კუდით. ამჟამადაც ამაზე ვმუშაობ. ეს ნამუშევარი დიდ ტილოზე გადამაქვს, მერე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს სერია ძალიან დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ყველაფერი შეიძლება ხატო და აუცილებელი არ არის რეალური გამოცდილება გქონდეს იმის, რასაც ხატავ, ფიქრი და დაკვირვებაც არანაკლებ მამოძრავებელია ემოციებზე."
At.ge, Spirits Connect by WiFi – ინტერვიუ ანნა ჯიბლაძესთან, 2020