არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ყინვის საწინააღმდეგოდ შეფუთული ციტრუსის ხეები

ინსტალაცია

მარიამ აქუბარდია

სავარძელი, მცენარეები, ბალახი, მიწა
2019
ფოტო: ფოტო კრედიტები: მარიამ აქუბარდია

რა ქმნის სახლის განცდას?

სახლი არ არის მხოლოდ დაბადების ადგილი ან სივრცე, რომელშიც დიდ დროს ვატარებთ. სახლს იმ კედლებსა და ჭერქვეშ შექმნილ გარემოს ვეძახით, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობთ და რომელიც სარკისებურად გვირეკლავს.

სახლი ყველაზე ახლობელი განცდაა ადამიანის გამოცდილებაში. ადგილია, სადაც საკუთარი თავის გამოხატვას ვახერხებთ. მასთან მრავალი ისტორია და მოგონება გვაკავშირებს.

თუმცა გარემო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ და ვცხოვრობთ შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენ მიმართ ლმობიერი. სახლში ყოფნის შეგრძნებას იქ ვკარგავთ, სადაც საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღარ აღვიქმებით. როდესაც პიროვნება ირიყება, მისი ხმა სახლის განცდასთან ერთად ქრება. უჩინარდება კედლები, ჭერი, წარმავალი სიმშვიდის მომენტები. ავეჯი, რომელიც ერთ დროს ვიღაცისთვის სიმყუდროვის განცდას ბადებდა, ბალახით იფარება.

ჩვენს რეალობაში იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები გადაუჭრელად რჩება. ჩემთვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისთვის, ნაცნობია ის გასაჭირი, რაც უსახლოდ დარჩენილ ადამიანებს აერთიანებთ.

,,ყინვის საწინააღმდეგოდ შეფუთული ციტრუსის ხეები’’ დაუცველობის, უსახლობის, იძულებითი გადაადგილების, მიგრაციის ილუსტრაციაა, ერთგვარი მეხსიერება მიუწვდომელ სახლზე. ინსტალაციაში გამოყენებული ბალახი, იმ ადამიანების სივრცეს ითვისებს, რომელთა ხმა არ გვესმის. იძულებით მიტოვებულ სახლებში ბალახი ამოდის და ბუნება იკავებს ერთ დროს ყველაზე ახლობელ და შინაურ გარემოს"


არტ პროექტი კონკურსის “ქალებისთვის სოციალური დიზაინისა და დაგეგმარების სფეროში” გამარჯვებულია. კონკურსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა პროექტის “ბაუჰაუსის ქალები” ფარგლებში გამოაცხადა. იგი მიზნად ისახავდა საჯარო სივრცით სარგებლობისა და დიზაინის ახალ იდეების მიღებას და მხარდაჭერას. პროექტი იძულებით გადაადგილებას შეეხება.