საქანელა 'დიდი რყევა', ფუნქციონალური სკულპტურა
ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი
ხე, ლითონი
2020
300x300x75
"ვლადიმერ იმერლიშვილი მასალებს ბოლომდე ითვისებს და გრძნობს (ბუნებრივი ქვა, ხე, რკინა). მის სამუშაო ინსტრუმენტარიაში სტილის დეცენტრელიზაციის პროცესი მასალაში რეგულირდება, როცა მხოლოდ მასალის ბუნებრივ თვისებაზე, ზომიერებაზე, თანმიმდევრულობაზე კეთდება აქცენტი. ხოლო მასალის ფერადი ნარაცია (ხის ფერი, რკინის ფერი) მნიშნელოვანი ხდება როგორც ემოციური, სენსორული თუ აზრობრივი აქცენტების დასაზუსტებელი მექანიზმი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში განხორციელებული ვ. იმერლიშვილის პროექტი ,,დიდი რყევა“ („საქანელა“) ფუნქციონალური სკულპტურა, როგორც ინსტალაცია, შეიქმნა თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპონირებისთვის. ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი ინსტალაცია დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას ეძღვნება. ქართული ცნობიერების ეს ერთგვარი ორი საწყისი, საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობითაც აიხსნება. ყოველთვის ქმნიდა ტრაგედიას მრავალი საუკუნის მანძილზე, გეოგრაფიულ გასაყარზე არსებობა - როდესაც აღმოსავლეთსაც დავცილდით და ვერც დასავლეთს ვეზიარეთ. ეს ორი არქეტიპული „არსება“ ვიზუალურად თითქმის იდენტურია. ისინი ერთმანეთს ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთის არსებობას. თითოეული მათგანის ,,ცალმხრივობის საფრთხე“ მეორის დახმარებით გადაილახება. მისი ესთეტიკა მოგვაგონებს „ეგვიპტის სფინქსსაც და პარიზის ქიმერასაც“. ცხენებს შორის რკინის საქანელაა, რომელიც მათ აერთიანებს. ორი მდგომარეობაა მოცემული ერთ ობიექტში - სტატიკაში დინამიკა. საქანელას მოძრაობა შეზღუდულია და მხოლოდ 70-გრადუსამდე მიდის. ავტორი საქანელას მოძრაობის არასრულ ციკლურობაზე საუბრობს. ნამუშევარი ცივილიზაციათა შორის არსებული წინააღმდეგობების, დიდი რყევების, შეზღუდული მოძრაობების, ამასთანვე, მანევრირების და ბალანსის იდეას განასახიერებს. აღნიშნული აზრობრივი აქცენტები წინა პლანზეა წამოწეული და ფიგურების ხისტი პლასტიკაც მას ექვემდებარება. ამგვარი იერარქია ცხენების განზოგადებულ სახეხატებას წარმოქმნის და განსხვავებული დროისა და სივრცის აღქმა შემოაქვს. საინტერესოა ნამუშევრის სამომავლო კონტექსტიზაციის პროცესი. ერთი მხრივ, როგორ აიტანს ნამუშევარი სამუზეუმო სივრცის ჰერმეტულობას და მეორე მხრივ, ლადშაფტში საკუთარი დრო-სივრცული პარამეტრების მონიშვნის პროცესი (კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გამოფენის პრეზენტაცია გაიმართა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, 19 მაისს, მუზეუმების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით).
აბსტრაგირებამდე მისული ფორმის განზოგადება ვ.იმერლიშვილის ხელწერაა. ხელოვანი პლასტიკაში დრო-სივრცული პარამეტრების ძიების პროცესმა საკუთარი პლასტიკური ქრონოტოპის გამომუშავებამდე მიიყვანა. კერძოდ, ვლადიმერ იმერლიშვილმა შექმნა ინსტალაცია, რომლშიც ცხადად ჩანს, როგორ ხდება დროით კატეგორიაში განფენილი და სივრცობრივ კატეგორიაში მოაზრებული „საქანელა“ კულტურის არტეფაქტი; ხოლო „საქანელა შეზღუდული მოძრაობით“, როგორ აქცევს დრო-სივრცულ მისეულ ფორმაში ქართველთა მნიშვნელობისა და ადგილის განსაზღვრის პროცესს. "