არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Together Forever

ინსტალაცია,ობიექტი

გვანცა ჯიშკარიანი

ხედი ინსტალაციაზე
2020
ფოტო: სანდრო სულაბერიძე
ღია სივრცე, თბილისი, საქართველო

Why Not Gallery წარმოგიდგენთ გვანცა ჯიშკარიანის გამოფენას. 

გამოფენა უკიდურესად პერსონალურია, მთავარი თემა თავად ხელოვანია, მისი პერსონა, ინტერესები, განცდები და გამოცდილებები; მისი მოგზაურობაა საკუთარ შიშებში, სისუსტეებსა და გამოწვევებში. მაგრამ ამავდროულად გამოფენა ამ ყოველივეზე ერთგვარი გამარჯვებაა და საკუთარი თავის აღნიშვნაა.

 

გვანცას შემოქმედება გამორჩეულია ექსპერიმენტულობით და ექსცენტრიულობით, ისევე როგორც თავად ხელოვანი. წარმოდგენილი გამოფენა, ისევე როგორც ყველა მისი შოუ, ახალი თავგადასავალია მასალებში, ტექნიკებში, გამოხატვის ფორმებსა და საკუთარი გამოცდილებების კვლევაში. მისი ნამუშევრები ყოველთვის იუმორითაა გაჯერებული და ამ ფორმით ეხმიანება მძიმე სოციალურ, პოლიტიკურ მდგომარეობას თუ პირად გამოცდილებას.

 

ბოლო დროს გვანცას შემოქმედება კიდევ უფრო პერსონალური გახდა და თავად ხელოვანი უფრო აქტიურად ჩანს, როგორც მთავარი მონაწილე გმირი. საკუთარი გამოსახულება მისთვის ყველაზე კომფორტული სამუშაო მასალა აღმოჩნდა ამ ეტაპზე; მედიუმი, რომლისაც მას ყველაზე კარგად ესმის, ყველაზე თავისუფლად და უკომპრომისოდ შეუძლია მისი ინტერპრეტირება და მანიპულირება.

 

წარმოდგენილი გამოფენაც წარმოადგენს გვანცას ძიებას თუ რას ნიშნავს იყო თვიმყოფადი საკუთარ თავთან, უღრმავდებოდე და იკვლევდე საკუთარ სისუსტეებს და ყოველწამიერად უცხადებდე ახალ გამოწვევას საკუთარ თავს. ეს თითქოს ძალიან სპეციფიური ურთიერთობა ადვილად შეიძლება წაიკითხოს როგორც განზოგადოება, რომელიც გვანცას თაობის ადამიანებს ესადაგება; ეს ის თაობაა, რომელიც ობსესიურად აკვირდება საკუთარ თავს ეკრანზე და ეკრანის გარეშე, ეს ის თაობაა, ეგრეთწოდებული „ზედმეტი გაზიარების კულტურის“ (oversharing culture) შემქმნელი და ყველაზე აქტიური მომხმარებელია, რომელიც საკუთარ „ინსტაგრამ სთორიებში“ ცხოვრობს და საკუთარი სოციალური მედია არხების მეშვეობით საკუთარი თავის პერფორმანსს დგავს. გვანცაც საკუთარი თავის პერფორმანსს წარმოგვიდგენს და ნიღბად გულწრფელობას და თავდაჯერებულობას იყენებს.

წარმოდგენილი სოლო გამოფენის მთავარი თემა ხელოვანია, შეიძლება ითქვას ერთგვარი შეჯამება მისი 20იანი წლების გამოცდილების, რასაც ხშირად ‘growing up pains’ უწოდებენ; მისი შიშები, ტკივილები, ფრუსტრაციები და იმედგაცრუებები აღებულია ინსპირაციად და გადაქცეულია პოზიტიურ ენერგიად. გამოფენის სათაური კი ერთგვარ დასკვნად გვევლინება, რომ ერთაედერთი რაც გვყავს სამუდამოდ არის საკუთარი თავი. ეს ჰარმონია საკუთარ თავთან და თვითკმარობა ერთადერთი გამოსავალია და გამოფენა ამ აღმოჩენის აღნიშვნაა.

 

ესთეთიკის კუთხით გამოფენა ორ ნაწილად იყოფა, რაც  ეხმიანება გვანცას ბოლო დროინდელ განვითარებას ხელოვნებაში და ასევე მისი პერსონის დუალობასაც უსვამს ხაზს. ერთის მხრივ საკმაოდ გამბედავი, უკომპრომისო და ძლიერი, მაგრამ მეორეს მხრივ უსაზღვროდ ემოციური, ნაზი და სენტიმენტალური გვანცას პიროვნება თითქოს ილუსტრირებულია გამოფენაზე.

 

ექსპოზიციის ერთი მხარე ეთმობა ნამუშევრებს The Last Tarot და New Gods of Post Apocaliptic World. ორივე ნამუშევარი ციფრული მონტაჟის ტექნიკითაა შექმნილი და გვანცას და მისი რამოდენიმე მეგობრის ჯგუფური ნამუშევარია. ორივეში ერთნაირ ესთეტიკაშია შექმნილი, რომელსაც თავად ხელოვანი პოსტ-აპოკალიპტურ და პოსტ-გენდერულს უწოდებს.

 

The Last Tarot გვანცამ, ხელოვნებათმცოდნე დავით აფაქიძემ და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძემ ერთად შექმნეს. მიზანი იყო ტაროს სამკითხაო კარტის ორიგინალურად ინტერპრეტირება და თბილისის ალტერნატიული სახელოვნებო წრის ექსცენტრიული წარმომადგენლების სხვადასხვა არკანებად გამოსახვა. ყველა მონაწილე გმირთან ავტორებს

პირადი ურთიერთობა აკავშირებთ და მათი როლებში გადანაწილება ამ ურთიერთობების ერთგვარი  აღნიშვნაა. გარდა ამისა, პროექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული მოდის სფეროსთან - ყველა გმირს ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი აცვია, ბევრი მათგანი თავად დიზაინერია, და ამასთანავე ხაზგასმულია ამ სფეროს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სივრცის განსაკუთრებული მახასიათებელი დღევანდელ მოცემულობაში. გვანცას მიერ შექმნილი ციფრული კოლაჟები ზუსტად მიყვება კონკრეტული არკანის გამოსახვის ტრადიციას, მაგრამ ამავდროულად სრულიად ახლებურ და ორიგინალურ გადაჭრას გვთავაზობს.

 

New Gods of Post Apocaliptic World ინსპირირებულია ბერძნული მითოლოგიით და წარმოგვიდგენს ისეთი პოპულარული პერსონაჟების თანამედროვე ინტერპრეტაციას, როგორიცაა დაფნა, ნარცისი, ირისი, დიონისე და პერსეფონე. ეს გმირები, საკმაოდ განსხვავებული ერთმანეთისგან, ყველანნი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბუნებასთან, ხილთან და სიცოცხლესთან. თუმცა გამოსახულები არიან უკაცრიელ, უდაბნოსავით ხრიოკ და უსიცოცხლო ლანდშაფტში.  ახალგაზრდა გმირები, ფერადი ატრიბუტებით მკაფიო კონტრასტში არიან ლანდშაფტთან. თითქოს ეს ახლადშექმნილი გმირები, სიცოცხლითსავსე, გულწრფელი და ძლიერი, აღმოცენდნენ ამ იუმედობიდან, რომ დაეპატრონონ  ამ უსიცოცხოცლობას და ახალი სამყაროს წესრიგი შექმნან.

 

გამოფენის მეორე ნაწილი უფრო პირადად გვანცაზეა კონცენტრირებული და ვიზუალურად უფრო მრავალფეროვანია. ამ ორი მიმართულების გასაყარზე ციფრული კოლაჟია, რომელიც იგივე ესთეტიკაშია, როგორც ტაროს კარტები და ასევე დაბეჭდილია ბიდონდის ფირფიტაზე. თუმცა თემატურად უფრო გამოფენის მეორე ნაწილს მიეკუთვნება - უკაცრიელ ლანდშაფტში, სადაც მზიანი დღე უეცრად მოიღრუბლა და მუქი ღრუბლები ძლიერ წვიმას მოასწავებს, გვანცას გამოსახულება გვევლინება მდინარეზე ხიდად ჩამჯდარი, რომელსაც რამოდენიმე საკუთარი თავის გამოსახულება სხვადასხვა პოზაში ყავს დაბალანსებული. ნამუშევარს Keep It Tight ქვია და თბილისის ონლაინ ბიენალეს ფარგლებში შეიქმნა, რომელიც პანდემიის დროს, ახალი რეალობის მოცემულობაში, პირველი პროექტი იყო, რომელმაც ამ გამოწვევებს უპასუხა. ამ გაურკვევლობის მოცემულობაში, როცა ხელოვანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად მოგვევლინა, ნამუშევარი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც გვანცას რეფლექსია ამ გაურკვევლობაზე და საკუთარი თვითმყოფადობის მანიფესტაცია.

 

გამოფენის მეორე ნაწილი გობელენის ნამუშევრით I Recycle My Tears იწყება. ნამუშევრის შესაქმნელად ხელოვანმა ქარხნულად წარმოებული გობელენი დაამუშავა საკმაოდ აგრესიულად და შემდეგ დააქარგა წინადადება. ამ ტექნიკას იგი ხშირად უბრუნდება და შეიძლება ითქვას გობელენების სერია ერთ-ერთი ყველაზე დიდია მის შემოქმედებაში. გვანცას კრეატიულ ძიებებში წამყვანი ხაზი მასიური კულტურის და განსაკუთრებით ‘თრეშ’ ტრენდების კვლევას და ინტერპრეტირებას უკავია. მაგრამ გობელენების შემთხვევაში კავშირი უფრო ღრმა არის და ხელოვანის ბავშვობიდან მოდის. როგორც იხსენებს, პატარაობაში მსგავსი გობელენი დიდ ოთახში ეკიდათ და ისე არ უყვარდა, იმ ოთახში შესვლასაც არიდებდა ხოლმე თავს და ხშირად მის დამალვაზე ფიქრობდა. ზრდასრულობაში იგი დაუბრუნდა ბავშვობის ამ მწვავე შეგრძნებებს და გადაწყვიტა ამ სურვილებსა და ზიზღებზე რეფლექსია მოეხდინა. ამავდროულად გაეთავისებინა ის, რაც ასე ძლიერ აღიზიანებდა. 

 

ისევე როგორც სხვა გობელენებზე, წარმოდგენილ ნამუშევარსაც სენტიმენტალური, მრავალმნიშვნელოვანი ტექსტი აქვს დატანილი.

წარწერა I Recycle My Tears შეიძლება განვიხილოთ როგორც გამოფენის და თავად ხელოვანის მანტრა. წინადადებებს ხელოვანი ყოველთვის თავად აქარგავს გობელენებს. ამ საკმაოდ შრომატევად საქმიანობას ერთგვარი მედიტაციად განიხილავს, ხშირად იმ ემოციისგან განსათავისუფლებლად, რასაც ეძღვნება ფრაზა.

 

 

გამოფენაზე გვანცას გამოსახულება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მასალაში შესრულებული გვხვდება და ყველა ჯერზე ახალ მნიშვნელობას იძენს. ძირითადად გამოყენებულია ის ტექნიკები, რომელიც ტრადიციულად მნიშვნელოვანი ფიგურებისა და მოვლენების აღსაღნიშნავად და უკვდავსაყოფელად არის გამოყენებული და ძირითადად მასკულინურ სამყაროსთან არის დაკავშირებული. ამ ტექნიკებს თავისთავად მკაფიოდ განსაზღვრული გამოხატულების სტანდარტები აქვს, რომელსაც გვანცა ახლოს შეისწავლის და შემდეგ უჩვეულო ინტერპრეტაციას უკეთებს.

 

ერთის მხრივ ეგოცენტრული ჟესტი, მეორეს მხრივ საკმაოდ სენტიმენტალურია - იმ სამყაროში, რომელიც მხოლოდ იმაზეა მომართული, რომ დაგამტვრიოს, ოცნებები და მიზნები გაგიცამტვეროს, საკუთარი თავი თავად უნდა განადიდო, ყველა შემდეგი იმედგაცრუებისა და გულის გატეხვის შემდეგ არ დანებების და გაგრძელებისთვის.

 

 ოთხი ფილისგან შემდგარი მოზაიკა, I Recycle My Tears გობელენზე დაქარგული ფრაზის ერთგვარ ილუსტრაციად გვევლინება. პირველ ფილაზე ხელოვანის პორტრეტია მოზაიკის ტექნიკაში შესრულებული. პორტრეტიდან წამოსული ცრემლები ფილებზე  იღვრება და ხან ხელოვანის ხელზე იღვრება, ხან სახეზე და ბოლოს ნაჭერზე გროვდება.

 

მოზაიკის ტექნიკას ძალიან საინტერესო და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც ხელოვანს საინტერესოდ აქვს გადათამაშებული თავის შემოქმედებაში, ამ გამოფენაზე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოზაიკაში შესრულებული გამოსახულება პირველ რიგში განდიდების ფორმა იყო, როგორც ანტიკურ სამყაროში, ასევე ქრისტიანულ კულტურაში. შემდეგ საბჭოთა პერიოდში პროპაგანდის ყველაზე გავრცელებულ და სახალხო გამოსახულებად მოგვევლინა. გვანცას წარმოდგენილი ნამუშევარი თითქოს ამ ორ იდეას ერთმანეთში აერთიანებს - იღებს ყოველდღიურსა და ბანალურს და ტექნიკის მეშვეობით აღმატებულების ხარისხს ანიჭებს. ეს ელემენტი განსაკუთრებით ხაზგასმულია, რადგან წარმოდგენილი ნამუშევარი ბუნებრივი ქვებისგან არის შესრულებული.

 

მოზაიკა ვინტაჟურ სტილში პასტელურ ფერებში შესრულებულ პანოზე კიდია, რომელზეც მშვიდი ფერთა გამის მიუხედავად ერთგვარი დრამა ვითარდება, ხრამიდან, რომელიც ვუკლანია ძლიერი ორთქლის სვეტები ამოდის და მათ თავზე მფრინავი ფენიქსის მოზაიკა კიდია. მითიური ჩიტი სხვადასხვა კულტურებში გვხვდება და მისი მთავარი მახასიათებელი ციკლურობაა, როდესაც თვითწვის შედეგად საკუთარი ფერფლიდან თავიდან იბადება. ეს ალეგორია განადგურებაზე და შემდეგ ამ დესტრუქციიდან ახალი საწყისის დაბადებაზე მნიშვნელოვანი დაკვირვებაა ხელოვანისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს საკუთარი ტკივილებისგან ახალი მოცემულობები შექმნას.

 

საგამოფენო დარბაზის ცენტრში ვარდისფერი ფხვიერი მასა ყრია და ზედ ოქროსფერი მონეტებია მიმოფანტული, ინსტალაცია Ungodly Amount of Power. მონეტებს ახლოს თუ დააკვირდებით, გვანცას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ფოტოს ამოიცნობთ. მონეტის ვიზუალი ხურდა ფულის ახლო შესწავლით არის შექმნილი და ტრადიციულად მეორე მხარეს სხვა ვიზუალი გვხვდება - ამჯერად ხელოვანის კატა. ამ ფორმით ხელოვანი საკუთარი წარმოსახვითი სამეფოს ფულის ერთეულს ქმნის ისევ მისთვის ჩვეული იუმორის გრძნობით, სურვილით ამოატრიალოს მოცემულობები და წარმოიდგინოს პარალელური რეალობების შესაძლებლობები. ამავდროულად ეს ნამუშევარიც ბავშვობის თამაშებიდან და მოგონებებიდან ამოდის - ოქროს მონეტების მთები, დაკარგული საგანძურები, ჩაძირული ქალაქები კისელის ფხვნილის ლანდშაფტებად გადაიქცნენ გვანცას ნამუშევარში.

 

საკუთარი გამოსახულების ინტერპრეტაცია ხელოვანმა ახალ ნიშნულამდე მიიყვანა და საკუთარი თავის რეალური ზომის ქანდაკება შექმნა. აქაც ისევ თამაშია იმ კარგად ნაცნობ ვიზუალურ გამოხატულებებთან, რომლითაც აღინიშნებიან ადამიანები საკუთარი მიღწევების გამო. ამ შემთხვევაში ეს იმ მომენტის დაფიქსირებაა, სადაც ახლა ხელოვანი იმყოფება, ყველა იმ გააზრების, მიღწევებისა და გამოცდილების რაც მას აქვს ერთგვარი შეჯამება და უკვდავყოფაა. ამ ნამუშევრით კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა წარმოდგენილი გამოფენის მნიშვნელობას ხელოვანისთვის.

 

გამოფენის ფარგლებში ხელოვანმა შექმნა ინტერაქციული თამაში, რომელსაც სლოტ მანქანის კონსტრუქციაში გამოფინა. თამაშიც იგივე პრინციპით არის აწყობილი, ოღონდ მოგებისას მოთამაშე გვანცას ვიდეოს იგებს. წარმოდგენილი ვიდეოები ხელოვანის მიერ არის გადაღებული ლოქდაუნის პერიოდში. ტელეფონით გადაღებულ მოკლე ვიდეოებში ძირითადად ხელოვანია, რომელიც სხვადასხვა ბანალურ აქტივობას ასრულებს, ხანდახან საკუთარ კატასთან ერთად, ხან ძალიან გამოპრანჭული, ხან კი ლიფის და ტრუსის ამარა. ეს ვიდეოები ძირითადად მის ინსტაგრამის სთორიებში იდებოდა და მარტოობაში საკუთარი თავის აღმოჩენის ერთგვარ თავგადასავალს ასახავდა. ამ ნამუშევარში კარგად იგრძნობა იუმორი და თვით ირონია, როგორ ხელოვანის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის ორი ნახატი Purple Hills and Gold Sun და Turquoise Beads and Pink Land. გვანცა ძალიან იშვიათად ხატავს და პრაქტიკულად არასოდეს ფენს საკუთარ ნახატებს, ამიტომ ამ მხრივაც წარმოდგენილი გამოფენა განსაკუთრებულია. ნახატებზე სხვა ნამუშევრების ელემენტები მეორდება - კისელის ფხვნილის ლანდშაფტი, Turquoise Beads and Pink Land გორაკებად გადაიქცევა და კანტად დახატული არქიტექტურული ელემენტები თითქოს ხედი Ideal Castle of Gold-დან იშლება. მფრინავი პეგასი Purple Hills and Gold Sun კიდევ ერთი აღნიშვნაა ხელოვანის დაინტერესების მითოლოგიით, მსოფლიო კულტურებითა და ტრადიციებით, რომელიც ასევე ხშირად გვხვდება გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახატებში ერთგვარი დესტრუქციული სცენარები თამაშდება, გავარვარებული მზეები დნება და მდინარეებს ლოდები მოაქვთ, ლანშაფტებს მაინც რაღაც იდილიური, ჰარმონიული განწყობა დაყვება. ეს ზღაპრულობის ელემენტი მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის, როგორც მცდელობა გადაიაზროს რეალობა და ახალი, პარალელური მონაცემები შემოგვთავაზოს.