არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Breaking News: ლუვრის ჩაძირვა

ინსტალაცია

თეზი გაბუნია

2018


ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან ლუვრის მუზეუმს უახლოვდება, რაც პასუხობს 2018 წელს პარიზში მომხდარ წყალდიდობას. ნამუშევარი ამავდროულად კულტურის ნარჩენის პრობლემას წარმოგვიდგენს. გადამუშავება ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. წინა პროექტის “შეყავი თავი გალერეაში” მაკეტის განადგურების შედეგად მას ახალი მნიშვნელობები ენიჭება.
ლუვრის მუზეუმის დატბორვის პროცესი ეხმიანება ახალი ამბების გადმოცემის კულტურასა და მედიის მიერ განპირობებულ კატასტროფის ცვალებად აღქმას, გაშუქებისას სტიქიური მოვლენის მასშტაბის შეფასება ხშირად რთულია. ნამუშევარში Breaking News წყალდიდობა ნელა შედის ლუვრის დარბაზში, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად დააკვირდეს როგორ ნადგურდება ღირებული ნამუშევრებით სავსე ინტერიერი. მაყურებელი უახლოვდება მოვლენას, რომელიც არ მომხდარა, თუმცა შეიძლებოდა მომხდარიყო. ის ხედავს დარბაზის მდგომარეობას დატბორვამდე და შემდგომ, რაც რამდენადაც დამარწმუნებელი და სახიფოა, იმდენად ყალბია. ნამუშევარი წარმოადგენს სენსაციას, სიტუაციას, სადაც ინფორმაცია, როგორც სანახაობა აჭარბებს სტიქიური მოვლენის საშიშ ბუნებას და რეალური მოვლენა ქრება. არის თუ არა ინფორმაცია ახალი ტიპის რეალობა? შესაძლებელია თუ არა რეალური მოვლენის გაშუქება? ეს კითხვები წამოიჭრება ორი სიტუაციის - ხელოვნების არტეფაქტების განადგურებისა და მისი სანახაობრივი ბუნების შეპისპირებისას.

ტექსტი: დათო კოროშინაძე