მეხსიერების ღრუბელი
თამარ ჭაბაშვილი
ლეიბი, ნაბეჭდი ქსოვილზე
2018
ამ ნამუშევრის საწყისი წერტილი თბილისში, ჩემი სახლის წინ არსებული შენობის გამოსახულებაა. ეს შენობა 2005 წელს აღმოვაჩინე, როდესაც ჩემი ოჯახი თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე უკანონოდ დაშენებულ ერთოთახიან ბინაში გადავიდა.
დაუმთავრებელი, ნაწილობრივ დასახლებული შენობის ფასადი ჩემს ყოველდღიურობაში იჭრებოდა და ასევე, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობასაც გამოსახავდა. სამშენებლო, საქალაქო და საზოგადოებრივი წესების სრული უარყოფით, ყოველი მოსახლე კორპუსის სახეს საკუთარი საჭიროების მიხედვით ცვლიდა. გარდაქმნის (მოშენების, დაშენების და გადაკეთების) დაუსრულებელი პროცესი მიდგომათა სიმრავლეს ქმნიდა და მთლიანობაში, გარკვეულ ესთეტიკას გვთავაზობდა.
სახლის დაუსრულებელ პროცესად აღქმა, სწორედ, დროებითობის ამ დაუძლეველმა განცდამ განაპირობა ჩემში. ამ გამოცდილების კვალდაკვალ, შენობის გამოსახულება დავბეჭდე ლეიბზე - ჩვენი სხეულის ყველაზე ინტიმურ თანამგზავრზე, რაც ხშირად ჩვენს კვალს ლაქებად ინახავს და დროსთან ერთად, სხეულის ფორმას ნელ-ნელა ერგება.