არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კონფლიქტის დერეფანში. აფხაზეთი 1989-1995

ინსტალაცია

თამარ ჭაბაშვილი

ინსტალაცია, შერეული მასალა
2019

„კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი, 1989-1995“ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პერიოდზე მოგვითხრობს.

ამ წლებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს ბედი ათწლეულების განმავლობაში. დაინგრა საბჭოთა კავშირი, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1991 წელს დაიწყო ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტი და საქართველო მოიცვა სამოქალაქო დაპირისპირებამ. ამას მოჰყვა კონფლიქტი აფხაზეთში, რომელმაც ორივე მხრიდან ათობით ათასი ადამიანის სოცოცხლე შეიწირა.

ამ ყველაფერს თან ახლდა უმწვავესი ენერგოკრიზისი, მოსახლეობის გაღატაკება, კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა.
1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი იმ პერიოდის ცენტრალურ მოვლენად იქცა. დღესაც საზოგადოებრივად აქტიურები არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ათასობით ადამიანს ახსოვს, რა მოხდა, ზოგი მათგანი კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ზოგი კი, მრავალი წელია ამ კონფლიქტის კონტექსტში ცხოვრობს.

ხუთი წლის წინ, ქართველი და აფხაზი მკვლევრების ჯგუფებმა, საერთშორისო ორგანიზაციების - Conciliation Resources-ისა და SwissPeace-ის მხარდაჭერით, პარალელურად დაიწყეს კონფლიქტთან დაკავშირებული მასალების შეგროვება.

მას შემდეგ გრძელდება კოლექტიური მეხსიერების არქივის შექმნის პროცესი, რომლის მიზანია, მაქსიმალურად მიუკერძოებლად და დეტალურად აღადგინოს ისტორიული მოვლენები შეიარაღებულ ფაზამდე, უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ.

დღეისათვის არქივში უკვე შეგროვებული და სტრუქტურირებულია რამდენიმე ათასი ექსპონატი. ეს არის დოკუმენტები, გაზეთები, ფოტოები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ვიდეო და აუდიოინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მოვლენების მონაწილეები და თვითმხილველები. მათ შორის არიან
პოლიტიკოსები და სამხედროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ სოხუმსა და თბილისში. ასევე, იმ რაიონების მცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდნენ.

გამოფენა „კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი, 1989-1995“, ამ არქივის საზოგადოებისათვის გაცნობის პირველი მცდელობაა. ექსპოზიცია წარმოადგენს ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დოკუმენტებსა და მტკიცებულებებს, მივიწყებულ გაზეთებსა და უნიკალურ ფოტოებს, ასევე, მხატვრების ნამუშევრებს.

გამოფენა მოგვითხრობს შეიარაღებულ კონფლიქტამდე (1989-1992 წლები), საომარი მოქმედებებისა (1992-1993 წლები) და ომის შემდგომ პერიოდებზე (1993-1995 წლები).

კურატორი ლალი პერტენავა

ინსტალაცია და გამოფენის დიზაინი თამუნა ჭაბაშილი