არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი

თამარ ჭაბაშვილი

ციფრული
2019
www.missingmonument.com

„დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი“ ციფრული პროექტია, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა. Პროექტის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.missingmonument.com

2019 წელს, გამოფენაზე „კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი 1989-1995“ მუშაობისას, პირველად შევეხე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს. Ჩემი ყურადღება მიიპყრო ხელნაწერი ქაღალდების შეკვრამ, სადაც ჩამოთვლილი და აღრიცხული იყო კონფლიქტის ორივე მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგული, დაპატიმრებული და მოკლული ადამიანების სახელები. გაკვირვებული ვიყავი გაუჩინარებული ადამიანების რაოდენობით - შეიძლებოდა, ერთ საქაღალდეს ათასობით ადამიანის ინფორმაცია დაეტია. დავიწყე Მინაწერების კითხვა, რომლებიც გაუჩინარებული ადამიანების ბოლო შეხვედრებს, ამბებსა და ადგილსამყოფელს კვალდაკვალ მიჰყვებოდა.

Ნაკვალევის თემა Ჩემი სახელოვნებო პრაქტიკის ერთ-ერთი წამყვანი საკითხია. ყოველი ახალი პროექტით ვცდილობ წარსულის მემკვიდრეობაში გამოვერკვე და გზა-კვალი ვიპოვო, რათა შევძლო მათ მიერ ჩემზე მოხდენილ ემოციურ გავლენაზე საუბარი. მე იმ ხელოვანთა თაობას ვეკუთვნი, ვინც ტინეიჯერობა 1990-იან წლებში გაატარა. შესაბამისად, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოცდის პროცესი ჩვენი რეალობის უფრო დიდ და მნიშვნელოვან მოვლენებს დაემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლა, ახალი საზღვრების გაჩენა… ეთნიკური კონფლიქტის დაწყებამ სრულიად დაჩრდილა ჩვენი პირადი ბიოგრაფიები. იმ ადამიანებთან თანამშრომლობამ, ვის ცხოვრებასაც ეს მოვლენები პირდაპირ შეეხო, საშუალება მომცა უკეთ განმევრცო კონტექსტი, რომელშიც სხეულით შემონახული მოგონებების განთავსებაა შესაძლებელი. ამით შთაგონებულმა, გადავწყვიტე გამომეკვლია, თუ ვინ და რა საშუალებებით ქმნის წარსულის ინტერპრეტაციებს, ასევე, როგორ შეუძლიათ „წინააღმდეგობრივ მოგონებებსა“ თუ „ისტორიებს“ სიჩუმის სივრცის შევსება.

ვიზუალურად შთაგონებული ვიყავი Ხის ფორმით, როგორც სიცოცხლის სიმბოლოთი და განგრძობითობის, სტაბილურობისა და სიძლიერის მეტაფორით. უფრო კონკრეტულად, ჩემი სურვილი იყო შემექმნა ნატვრის ხე, რომელზეც ეთნიკური წარმომავლობის, ასაკის, ეროვნებისა და რელიგიის მიუხედავად, ყველა შეძლებდა საკუთარი გზავნილისა, თუ სურვილის მიმაგრებას. Შევქმენი თორმეტი სხვადასხვა ხე, რომელთა მონახულებაც შეიძლება. ამათგან ერთ-ერთი, „ხმოვანი ხე“, გამოფენის საწყისი წერტილია. როგორც გუნდი ბერძნულ ტრაგედიაში, „ხმოვანი ხე“ აერთიანებს სხვადასხვა ხმას და დაკარგული ადამიანებისთვის საერთო სივრცეს ქმნის. დანარჩენი თერთმეტი ხის მონახულება, სტუმრის სურვილისამებრ, სხვადასხვა ტრაექტორიითაა შესაძლებელი. თითოეული მათგანი მოგვითხრობს სხვადასხვა ამბავს, რომელიც გაუჩინარების ცალკეულ ასპექტებს შეეხება. შესაბამისად, თვითონ მოგონების მსგავსად, ეს ისტორიებიც ფრაგმენტულია. თხრობა შედგება ლექსების, ინტერვიუებისა და ოჯახების პირადი ჩანაწერების ნაწილებისგან.

სამუშაო პროცესის განმავლობაში ვეძებდი ისეთ გამოხატვის გზებს, რაც წარმოაჩენდა დაკარგული ადამიანის მენტალური არსებობისა და ფიზიკური არარსებობის ერთობლიობას, ასევე, ინდივიდუალურ მოგონებებს, რომლებიც ოჯახების მიერ არის შემონახული, გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნის შესანარჩუნებლად. Ბოლოს, მსურდა მეხსიერების ანაბეჭდები მატერიალურ ფორმებში აღმეგინა და არასრული ისტორიებისა და უსასრულო დანაკარგების არქივის სახით შემენარჩუნებინა.

„თხრობას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, ისევე როგორც მოლოდინს“.* ყოველი ვიზიტისას ამბავი განსხვავებულად იქნება წაკითხული, რადგან ასევე განსხვავებულია დანაკარგის ინდივიდუალური გამოცდილებაც. ამ პროექტის მიზანი არ არის პასუხებისა და გამოსავლის შეთავაზება, არამედ ის, რომ გვიბიძგოს დავფიქრდეთ ამ განცდებზე, როგორც ხსოვნისადმი მიძღვნილ ცოცხალ, მრავალფეროვან, მუდმივად ცვალებად მოქმედებების ერთობლიობაზე, სხვა სიტყვებით - როგორც დავიწყების საწინააღმდეგო მოქმედებაზე.

* Andreas Bandak and Manpreet Janeja (eds.), (2018), Ethnographies of Waiting: Doubt, Hope and Uncertainty, (London: Bloomsbury).