ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალი "ფესტ ი ნოვა 2010"
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი Fest i Nova – წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ტარდება ყოველწლიურად შიდა ქართლში, სოფელ გარიყულაში, “არტ-ვილა გარიყულაში” არსებულ პირველ რეგიონალურ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ტერიტორიაზე.
რიგით მეორე ფესტივალი შედგა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი ჩატარდა 2010 წლის 1 აპრილდან 30 სექტემბრამდე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ხელოვნების წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება ჩასულიყვნენ არტ-ვილა გარიყულაში და მოეხდინათ თავიანთი იდეების და პროექტების რეალიზაცია. Fest i Nova – ს ყოველწლიურად სტუმრობენ ცნობილი ხელოვნები: ამერიკიდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ა.შ.
ფესტივალის მეორე - დასკვნით ეტაპს, რომელიც გაგრძელდა 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით აქვს შემაჯამებელი ხასიათი.
2010 წლის 14 ივნისს ფესტივალ Fest i Nova 2010 – ის ეგიდით ბათუმის ბულვარში განთავსდა და გაიხსნა ორი ქანდაკება “ყირამალა” და “WHERE”. ეს აქტივობები ჩატარდა პროექტის “აქეთ-იქით”ფარგლებში, რომელიც 2009 წელს არტ-ვილა გარიყულაში ჩატარებულ Fest i Nova 2009 – ის ფარგლებში დაიბადა. პროექტი აერთიანებს შვიდი ავტორის იდეას, რომელიც არტ-ვილა გარიყულაში განხორციელდა მაკეტების სახით და რომლის რეალიზაციაც მოხდა ქ. ბათუმში ახალი ბულვარის გასწვრივ.