სატელიტების ღამე
„ართბითის“ მოძრავი გალერეა
დოდო აბაშიძის ქუჩა 10, თბილისი, საქართველო
კურატორი: მარიამ ლორია
ფოტოგამოფენა თანამგზავრები ღამით ფოკუსირებულია აღმოჩენებზე, რომელსაც არტისტი თავისი ფერადი და მტვრიანი პრიზმის საშუალებით წარმოგვიდგენს. ნამუშევრები განსხვავებულ კონტექსტში ასახავენ სკეიტბორდინგის, სპორტის და მოგზაურობის კავშირს ხელოვნებასთან, ფოტოგრაფიასთან, ფილოსოფიასა და პოეზიასთან.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი ლაითბოქსების ინსტალაცია მნახველს სთავაზობს გზის გაკვლევას სიბნელეში მანათობელ კადრებს შორის. საქართველოში შექმნილი ფოტო-ქრონიკები არტისტის მიგნებების დოკუმენტაციაა, რომლის იდეაა დანახულს მიღმა ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა...
დავით მესხი 1979 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მაგისტრის ხარისხი ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით მოიპოვა, შემდეგ კი პროფესია შეიცვალა და ხელოვნებით დაინტერესდა. მან, ფოტო ჟურნალისტის სპეციალობით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა.
არტისტის კამერა, მუდმივად, სიცოცხლის ნიშნების ძიებაშია. მის ნამუშევრებში, ფოტოგრაფია არსებობის იდეალიზირების და ემოციების გაზიარების საშუალება ხდება. ნამუშევრების უმეტესობა ახალგაზრდობის დაფარულ შრეებს გვიჩვენებს. მესხის ინსპირაციის წყარო ბავშვები, მოზარდები და მათი თვითგამოხატვის ინდივიდუალური ფორმებია. ეს ნამუშევრები ფოტოგრაფიული გამოსახულებების ერთობლიობაა, რომლებიც არღვევენ დროის საზღვრებს. მესხი ასახავს ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთა სხეულები უარყოფენ გრავიტაციის უნივერსალურ ძალას.
მესხი, თავის ნამუშევრებში, ეგზისტენციალისტური მსოფლმხედველობის მიმდევარია. ფოტოები წარმოგვიდგენენ არტისტს, როგორც ინდივიდსა და როგორც- ფოტოხელოვანს. სევდა და მელანქოლია უპირისპირდება ოპტიმისტურ, სიცოცხლით სავსე პერსონაჟებს. ისინი ერთდროულად, იდეალურობისა და მელანქოლიის სიმბლოს წარმოადგენენ. ეს არის ის გზავნილი, რის გადმოცემასაც არტისტი თავის ნამუშევრებში ცდილობს.