House of Forward Thinking
მაია ნავერიანი - House of Forward Thinking
მთაწმინდის პარკი, თბილისი, საქართველო
Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაია ნავერიანის პერსონალურ გამოფენას House of Forward Thinking, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2005-2015 წ. ლონდონში შესრულებული ნამუშევრები.
,,ჩემი შემოქმედების ბოლო ათწლეულის ძირითადი ენა ნახატია. ნახატი (drawing) დიდი ხანია გაცდა ამ დისციპლინის ტრადიციული და სტერეოტიპული გაგების ფარგლებს და უზარმაზარი ვიზუალური ამპლიტუდის მქონე ავტონომიურ, თვითკმარ ენად ჩამოყალიბდა. ჩემთვის თვით ხატვის აქტი უფაქიზესი პროცესია, რომელიც ინტუიციის მაქსიმალურ ნდობას მოითხოვს, იქნება ეს მცირე ფორმატზე ნიშნობრიობის უშუალო, სწრაფი დაფიქსირების დროს თუ დიდი ფორმატის ზედაპირის ურთულესი ფსიქოლოგიური და ტექნიკური ათვისებისას, “დაპყრობისას”. მდგომარეობა, როცა სრული ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური კონცენტრაცია და შინაგანი თუ გარე სივრცის გარინდებული გრძნობა აბსოლუტური აუცილებლობაა.
სწორედ ამ კონდიციაში შესვლისას მიჩნდება ის არარაციონალური ინტუიტიური “მინდობა”, რომელიც სხვა, ამოუცნობი სივრცის გადახსნის განცდას მიჩენს, სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი – მხოლოდ მოუხელთებელი აწმყო და მისი კვლევის უსასრულო შესაძლებლობები“ - მაია ნავერიანი.