გადახედვები
მამუკა ჯაფარიძე - გადახედვები
მთაწმინდის პარკი, თბილისი, საქართველო
კურატორი: მარიამ ლორია
მოძრავ გალერეაში Project ArtBeat წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის პროექტს გადახედვები / OptiMystic Translookation. პროექტი ხორციელდება მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოფენაზე ფოკუსი კეთდება თბილისის ახლანდელ სახეზე და 1990-იანი წლების დოკუმენტაციაზე.
გადახედვები / OptiMystic Translookation არის კამერა ობსკურას პრინციპით მოწყობილი ინსტალაცია. მოძრავ გალერეაში რამდენიმე წუთიანი სიბნელის შემდეგ, როცა თვალი შეეჩვევა სიბნელეს, კედლებზე გამოჩნდება თბილისის პირდაპირი ტრანსლაცია, ფერმკრთალი პანორამა.
ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტის აქTV დოკუმენტაცია - 1995 წელს ფუნიკულიორზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები.
მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962წ. თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს...
1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.
პროექტი ხორციელდება ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით.