ავთო მესხი: პირადად ცნობილი
Project ArtBeat წარმოგიდგენთ, მეოცე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ნონკონფორმისტი ხელოვანის, ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას. ექსპოზიცია 1984-2015წ. შერეული ტექნიკით შესრულებულ კოლაჟებს, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს მოიცავს.
,,ავთო მესხს ქართველი და საერთაშორისო დამთვალიერებელი ნაკლებად იცნობს, ამიტომ, გამოფენა, პირადად ცნობილი, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში.
ხელოვანი 1946 წელს, თბილისში, დაიბადა, ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისსა და რუსთავში. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და ხატვის გაკვეთილებსაც ესწრებოდა: ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა–მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო“ (photoessay.ge, 2016). 1961 წელს, სწავლა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ქეთევან მაღალაშვილის კლასში განაგრძო. სამხატვრო აკადემიაში ორჯერ სცადა ჩაბარება: ,,გული მწყდება აკადემიაში რომ ვერ მოვხვდი, ხატვას ვისწავლიდი, მქონდა ამის ნიჭი“ – აღნიშნა, ჩემთან ინტერვიუს დროს, 2016 წელს. ამ დროს მხატვარი 70 წლის იყო, ბინა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა, დაკარგული ჰქონდა და რუსთავის მოხუცთა თავშესაფარში ატარებდა სიცოცხლის ბოლო წლებს. ამ პერიოდში რამოდენიმე ადამიანის გარდა, აღარავინ ცნობდა. მიუხედავად ამისა, პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ გარეგნულად შენარჩუნებული ჰქონდა. მას იცნოდნენ, როგორც ფაქიზი ბუნების, ბავშვურ ადამიანს.
არასოდეს საუბრობდა თავის ნახატებზე, თითქოს, არაფერი აინტერესებდა ყოფითი, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა და თავის, სიურეალურ სამყაროში ცხოვრობდა. სინამდვილეში, ვფიქრობ, ყველაფერი სხვაგვარად იყო.
როგორც ცნობილია, მესხის დედა, მენშევიკი იყო და გადაასახლეს. რასაკვირველია, მხატვრის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობილების მიმართ ძალიან მძაფრი იქნებოდა, რამაც განაპირობა ხელოვანის ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად.
13–14 წლის ასაკში, მესხი ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ, მასთან ეცნობა უცხოურ ლიტერატურას თანამედროვე ხელოვნების შესახებ. 1960–იან წლებში, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები არ არსებობს. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები აწყობენ სალონურ შეხვედრებს, საუბრობენ ხელოვნებაზე, ერთად მუშაობენ. სავარაუდოდ, ამ დროს ეცნობა მხატვარი პიკასოს, მონდრიანის, მალევიჩის და სხვა არტისტების შემოქმედებას. მესხი მეგობრობს თავის თანამედროვე მხატვრებთან, მაგრამ მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისაგანაც კი.
მხატვარი მამუკა ცეცხლაძე ილია კაბაკოვის შემოქმედებასთან ავლებს პარალელს, რომელიც, ნიუ იორკში ემიგრაციამდე, 1960–იან წლებში მოსკოვის ე.წ. ,,ანდერგრაუნდ“ ხელოვნების ერთ–ერთი წარმომადგენელია. ილია და ემილია კაბაკოვების გამოფენა NOT EVERYONE WILL BE TAKEN INTO THE FUTURE ახლახანს გაიმართა ლონდონის TATE MODERN-ში. მესხის შემოქმედება მეოცე საუკუნის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს უკავშირდება: პოპ არტს, კუბიზმს, კონსტრუქტივიზმს, კონცეფტუალიზმსა, თუ აბსტრაქციონიზმს. მხატვრი სხვადასხვა ტექნიკისა და მასალების გამოყენებით, მხატვრულ ზედაპირზე ,,ახალ რეალობას“ ქმნის.
,,მე რეალიზმიდან გამომდინარე ვარ, რეალობიდან და რეალური ყოფიდან. ცხოვრების სახეს, როგორც ვხედავ, ისე ავსახავ, ისე არა ვარ, რომ რაღაც შეთხზული ავსახო. მაგრამ, თვითონ ხელოვნება რეალური არ არის, რეალური სახიდან გადის.“ (ვიდეო–ინტერვიუ, ვატო წერეთელი, არტარეა, 2012). მესხი, ხელოვნების საშუალებით, რეალობიდან გაქცევას ახერხებს, უფრო სწორედ, იმ სიურეალურ სამყაროში რჩება, სადაც არსებობა მისთვის უფრო კომფორტულია.
უნდა აღინიშნოს, რომ მესხის შემოქმედების ადრეული პერიოდი ახლოს არის რეალისტურ ფერწერასთან, თუმცა, ვხვდებით მოდერნისტული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების ნიშნებსაც ამ დროის ნამუშევრებში.
გამოფენაზე ,,პირადად ცნობილი“ წარმოდგენილია ავთო მესხის შემოქმედება 1984 წლიდან: მკვეთრი ფერებით შესრულებული აბსტრაქტული კომპოზიციები ქაღალდსა და კარდონზე, შავი და ფერადი ფანქრებით შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები და კოლაჟები. უნდა აღინიშნოს, რომ მესხი აბსტრაქტულ კომპოზიციებს კონკრეტულ სათაურებს ანიჭებს.
გამოფენის სახელწოდება ,,პირადად ცნობილი“, მესხის 1992 წლის ფანქარში შესრულებული ქალის გრაფიკული პორტრეტის სათაურია.
მესხის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის კოლაჟებს, რომლებსაც 1990–92 წლებში ქმნის. კოლაჟებში საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს, სათამაშოებს, სიგარეტის კოლოფებს და სხვადასხვა მასალებს (პლასტმასი, ხე, ლითონი, შუშა, ნაჭერი) იყენებს. ზედაპირის უმეტესი ნაწილი გაზეთებისა და ჟურნალების ამონარიდებს უჭირავს, სადაც ტექსტს უდაოდ დიდი დატვირთვა ენიჭება. მნიშვნელოვანია, რომ მხატვარი განზრახ ფარავს ტექსტის იმ ნაწილებს, რომლებიც მისთვის საინტერესო არ არის და ფრაგმენტული სიტყვები თუ დიალოგები აბსურდულ ხასიათს იძენს... სხვადასხვა კოლაჟებში ვხვდებით ფოტოებსა და ტექსტებს პოლიტიკის, რიტუალების, თავის ტვინის დაავადებების, პოპ და პორნო–ვარკვლავების შესახებაც კი.
მის კოლაჟში (სილამაზის კორიფე, 1991), ვხვდებით ტექსტის ფრაგმენტს იმდროინდელი ,,ყვითელი პრესიდან“. მკითხველი ნია წერს: ,,ვთხოვ ყველა გარიყულ, უცნაურ ჰუმანოიდს, ვარსკვლავებით დამიკავშირდნენ“. სრულად ჩანს რედაქციის პასუხი: ,,ჩვენნაირო!!! სადა ხარ? ჩვენ შენისთანებს ვეძებთ, შენ კიდევ... ტელეფონი არა გაქვს? გელით! მართლა გულით, ყველასგან განსხვავებული აზროვნების და ქცევის ხალხი. დარეკე და გვიკითხე, ნია!“ – ამ პერიოდში, რომ გვესაუბრა ავთოსთან, სრულიად სხვა დამოკიდებულება და თავდაჯერება ექნებოდა საკუთარი შემოქმედების მიმართ...
საინტერესოა, ის ფაქტი, რომ 23 წლის შემდეგ, ხელოვანი პირველად და საბოლოოდ უბრუნდება კოლაჟის ტექნიკას და 2015 წელს ქმნის ნამუშევარს ,,სარკე“. აქ უკვე ვხვდებით, განვითარებადი ქვეყნის მაცხოვრებლის ყოველდღიურ ყოფას: დაბალი ხარისხის პლასტმასისა და მეტალის დეტალებს. მესხისთვის ისევ საინტერესოა თანადროული პრესა: ადამიანების პორტრეტები – გოგონა თეთრი ავტომობილის ფონზე და ისტორია იმ სტრესის შესახებ, რომელიც მან ქალაქში ავტომობილის დამოუკიდებლად მართვისგან მიიღო. ასევე, მნიშვნელოვანია წარწერა: ,,10–16 ივნისი, 2015“.
ყველა ეს ტექსტი და დეტალი, მიუთითებს იმაზე, რომ მესხი ბევრს ფიქრობდა და აანალიზებდა რეალობას, რომელშიც უწევდა ცხოვრება. თუმცა, ჩვენთან არასოდეს განიხილვდა ამ საკითხებს, რადგან ზერეალურ სამყაროში ცხოვრობდა. ამის დასტურია, თუნდაც ის ფაქტი, რომ საკუთარი ბინიდან მიღებული მცირე თანხით თურქეთში 15 კგ–იანი გირა წაიღო და მთაზე ავიდა. რა თქმა უნდა, ეს ,,ჩვეულებრივი“ ადამიანისთვის გაუგებარია. თუმცა, მისი ნამუშევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ,,ჩვეულებრივობის“ ცნებას და საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს.
სიცოცხლის ბოლო წლები უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა, თვითონ ვერ ახერხებდა საკუთარი ნამუშევრების მოვლას და ისინი მეგობრებისა და ნაცნობების წრეში იყო გაბნეული: ,,ჰაინერ ბურმა შეიძინა ჩემი ბოლო ნამუშევრები, დანარჩენი ნახატები მამუკა ცეცხლაძესთან მაქვს სახლში“ (photoessay.ge, 2016).
მესხი იხსენებს, რომ ვარაზი ფიროსმანს ადარებდა და ვფიქრობ, როგორც ზდანევიჩებმა გადაარჩინეს ფიროსმანის შემოქმედება ასეთივე მხარდამჭერები მესხის ცხოვრებაში იყვნენ: მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, არჩილ დარჩია, მანანა ვადაჭკორია, ვატო წერეთელი, ჰაინერ ბური, ბაია წიქორიძე და ,,ფროჯექთ ართბითის“ დამფუძნებლები, რომელთა დახმარებითაც ავთომ შეძლო თავი დაეღწია რუსთავის მოხუცთა თავშესაფრის მძიმე ყოფისგან. ბოლო წლებში ის ქირით ცხოვრობდა თბილისში და აგრძელებდა ხატვას. 2016 წელს, მხატვარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა“. – ნინო მაჭარაშვილი, ხელოვნებათმცოდნე (ესაუბრა მესხს, Project ArtBeat-ის პროექტის განსახორციელებლად, 03.16).
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
მესხი საბჭოთა პერიოდში ე.წ. „არაოფიციალურ“, ,,ანდერგრაუნდ“ ხელოვნებას აფარებს თავს, თუმცა, 1968 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის: მოსკოვსა (1974) და პეტერბურგში (1982). 1990 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და ამავე წელს, მისი ნამუშევრები გერმანიის ქალაქ ბონში იფინება. თბილისში მესხის ნამუშევრები ხელოვნების მუშაკთა სახლში და ბაია გალერეაში იყო წარმოდგენილი. არჩილ დარჩიას ორგანიზებით კი რამდენჯერმე მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა ძველ გალერეაში. 2012 წელს, მესხის ნამუშევრები ჯგუფურ ექსპოზიციაში Reframing the 80s, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. ამავე წელს, ვატო წერეთლის ინიციატივით გადაღებული ვიდეო მესხის ცხოვრებისა და შემოქმედების დოკუმენტაციაა (Artarea/Tv2.0). მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში.
გამოფენის გამართვის ხელშეწყობისათვის განსაკუთრებული მადლობა მამუკა ცეცხლაძესა და ლია შველიძეს.
გამოფენის კურატორი: ნათია ბუკია