ორი სოლო გამოფენა - გვანცა ჯიშკარიანი და თამო ჯუღელი
გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ ორი ახალგაზრდა მხატვრის, გვანცა ჯიშკარიანის და თამო ჯუღელის დამოუკიდებელი ნამუშევრების ექსპოზიციებს გალერეის ორ, ცალკეგამოყოფილ სივრცეში.
გვანცა ჯიშკარიანი
Who will record history?
ვინ ჩაიწერს ისტორიას?
“ხე ზღვაში მცურავი
კაცი ხეზე დროშით
ხეს სამი კაცი ეჯაჯგურება და გლეჯენ
ნოე?
ხე, რომლისთვისაც გზები აშენდა და ზღვები გაიპო?”
თამო ჯუღელი
“You know what?! I don't have a good feeling about cakes around here” (Carolin Eidner)
“პური არა აქვს ხალხსო” – შესჩივლეს.
“პური თუ არა აქვთ ნამცხვრები მიირთვან” — მიუგო მარი-ანტუანეტამ.
“ქალს პატრიარქალურ სამყაროში შემოსვლისას ნამცხვრებ/ფუნთუშებით უმასპინძლდებოდნენ. ნამცხვრთა სახელებიც შესატყვისად რომანტიულ/პათეტიური იყო: “ქალღმერთი”, “დედა”, “მეძავი”, “ცეცხლის შემნახველი”… — ზუსტად საკონდიტროს ასორტიმენტი — შაქარი კი, როგორც დღეს საყოველთაოდ ცნობილია, თეთრი შხამია.
ისე რომ, პატრიარქატის შხამიან ნამცხვართა ბუნება გაცხადდა და მარია-ანტუანეტას სრულიად ცინიკურ არათანამონაწილეობის პოზიციას დღეს უღრმესი აზრი მიეცა: პატრიარქატის მიერ გაწყობილი სოციუმი მხოლოდ ცინიზმს იმსახურებს, თავისი სიმბოლური ღირებულებების კრიმინალური ხასიათის გამო. სოციალურ უძალობას და მის ისტორიულ/კრიმინალურ ხასიათს პიროვნული ზე-მოხმარების ცინიზმით თუ გადაფარავ მხოლოდ! მარია-ანტუანეტას სიტყვები ფემინისტური მზერის სარკასტული ჟესტია შემოტანილი ისტორიაში.
დღეს, ნამცხვრებ/ფუნთუშების ნამეტანი “დრუნჩა გოიმს” თუ სწამს მხოლოდ.
ნამცხვრებ/ფუნთუშებ მოსროლილმა ქალის გამოთავისუფლებულმა ცნობიერებამ დინებად თამაშთა სივრცე გადახსნა — რაციონალურ-ლოგიკური ცნობიერების, სიმბოლური იერარქიების და მათი სუბორდინირებული სტრუქტურების მიღმა. ემოციონალური ინტენსიობების კუნძულები ურთიერთგადამკვეთ სივრცეებად გადაიჭიმა სივრცეში. აქ, ექსტატური ექს-სტატიური განფენების სულისშემძვრელი პრაქტიკაა, სადაც არავინ არავის იწვევს შეჯიბრში და თამაშები მხოლოდ საკუთარ ბუნებას ავლენენ.
ნამცხვრებით დანაყრებამ ადგილი უსხეულო ენერგეტიკულ ცეკვებს დაუთმო და ამის მომასწავებელ/მომტანი დღეს ქალია სამყაროში მხოლოდ — მისი საუკუნეების განმავლობაში გადაფარულ/დათრგუნული ინტუიციის ხარჯზე.“ - გია ეძგვერაძე