Unnamed 2020 - თამო ჯუღელი
გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამო ჯუღელის პერსონალურ გამოფენას ‘Unnamed 2020'.
სახელი ‘Unnamed' ახალი პერსპექტივებისა და აუთვისებელი ტერიტორიების მონიშვნის მცდელობაა, სადაც ენობრივი და საგნობრივი კავშირების დეკომპოზიციის გზით ხდება ფორმების გამოთავისუფლება მათი შინაარსებისგან და კულტურულ-ნორმატიული ჩარჩოებისგან. სანაცვლოდ კი იქმნება ახალი იდეების, შთაბეჭდილებებისა და განცდების მიღების პოტენციალი.
თამო ჯუღელის ფერწერა არაცნობიერი იმპულსების ანაბეჭდებს ატარებს, როგორც ხაზოვანი, ისე ფერადოვანი ფაქტურით. მარტივი ელემენტებისგან შემდგარი ფიგურები, ფერისა და ფორმის ინტუიტური ნაკადი კომპლექსურ და დინამიურ ქსელს აყალიბებენ, ზოგგან ღებულობენ ფორმას და ზოგგან კი - აბსტრაქციებად იშლებიან სიბრტყეზე. თითოეული ელემენტი ფიგურასა და სიბრტყული დეკონსტრუქციის ზღვარზეა. მოცემულ სისტემაში ვიზუალური ნიშნები სკულპტურულ, დენად, სივრცობრივ განზომილებას ადგენენ და თავის ავტონომიურობას ქმნიან. ჩვენ ტრანსგრესიასა და სუბლიმაციას, რაციონალურსა და ირაციონალურს შორის თამაშის მოწმენი ვართ.
ნამუშევრები თავისუფლად იკითხება, როგორც ცოცხალი და ირაციონალური მოძრაობის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებსაც თავიანთი მასშტაბი, სივრცე და საზღვრების გადალახვის დაუსრულებელი სურვილი გააჩნია.
გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო; არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.