არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი [ეროვნული გალერეა]

2020

ერთი თვის განმავლობაში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინა ქართველი მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის (1908-1973) შემოქმედება, შეძლებისდაგვარად სრული სახით. გამოფენამ გააერთიანა ოთხი ათწლეულის განმავლობაში - 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ავტორის 200-მდე ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოსა და თეატრის მხატვრობა.

იოსებ გაბაშვილი მოდერნისტი მხატვრების მეორე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გასაბჭოების პირველ პერიოდში - 1920-იან წლებში დაიწყო მუშაობა. 1910-იანი წლების თბილისური ავანგარდი ამ დროს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ხელოვანთა შემოქმედება ერთი მხრივ კონტროლირებადია, მეორე მხრივ კი თითქოს შენარჩუნებული აქვს თავისუფლება. ის რომ მალე «დუმილის პერიოდი» დაიწყება, უკვე 1920-იანი წლების მიწურულს გამოჩნდება. 1930-იანი წლები, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ამ ტენდენციას მკაფიოდ დაადასტურებს.

გამოფენა „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი" მიზნად ისახავს, მხატვრის, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელოვნებო მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი შემოქმედების მოდერნისტულ კონტექსტში შესწავლის ხელშეწყობას და ამდენად, თავად ქართული სახვითი მოდერნიზმის საზღვრების გაფართოების პროცესის დაწყებას.

ეროვნული გალერეის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება წიგნი „იოსებ გაბაშვილი", რომელიც აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა.


გამოფენის კურატორი: ნანა ყიფიანი

თანაკურატორი: ლია ბაგრატიონი

ექსპოზიციის ავტორი: ლევან ჭოღოშვილი

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: თბილისის მერია / Tbilisi City Hall და TBC - თიბისი.