ნიკო ლომაშვილის ნამუშევრების გამოფენა [ეროვნული გალერეა]
სახელწოდება „დაახლოებით ერთ სიმაღლეზე" აღნიშნავს მხატვრის სპეციფიკურ მიდგომას საკუთარი ნამუშევრებისადმი: ვიზუალურ და კონცეპტუალურ სტრუქტურაში ყველა თანასწორუფლებიანია, თუმცა ყოველ მათგანს განსაკუთრებული როლი აქვს და სხვადასხვა კუთხიდან მიუთითებს იმ ქვეცნობიერ დინამიკაზე, რომლის ფიზიკურ განსახიერებასაც გამოფენაზე ნაჩვენები 7 სკულპტურა წარმოადგენს.
ნიკო ლომაშვილის ნამუშევრები თითქოს გადიან იმ ბოლოდროინდელი „მეინსტრიმული" ტენდენციის საზღვრებიდან, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების მიზანმიმართულ დეესთეტიზაციას გულისმხობს. მხატვარი ცდილობს ნამუშევარი გაათავისუფლოს კონცეფციის დომინაციისგან და მეტწილად ესთეტური გამოცდილება შემოგვთავაზოს, რაც თავის მხრივ, უსაზღვრო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხელოვნების უახლესი ისტორიის თვალსაზრისით, მიდგომა, როდესაც აქცენტი გზავნილიდან და კონცეფციიდან სრულიად გააზრებულად გადატანილია ესთეტურობაზე, გარკვეულწილად პროტესტანტულია და ამდენად მნიშვნელოვანი.
„დაახლოებით ერთ სიმაღლეზე" მხატვრის ესთეტიკური ძიებების მანიფესტაციაა, სადაც მორალურ-ეთიკური, სოციალურპოლიტიკური თუ ფილოსოფიური კონტექსტი თითქოს უკანა პლანზეა. როგორც მხატვარი ამბობს: „გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სერიიდან აღებული თითო ნამუშევარი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქმნებოდა და სადაც აქცენტი ფუნქციიდან საგნის ტრანსცენდეტურობასა და მეტაფიზიკურობაზეა გადატანილი".
გამოფენის კურატორი მაგდა გურული.