არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ზურაბ არაბიძის გამოფენა - ,,F63.9" [ეროვნული გალერეა]

2016

ხელოვანი გამოფენაზე წარმოადგენს ნამუშევრებს ყველაზე მარტივი ფრაზებით, სიტყვებით, რომლებსაც ვამბობთ გრძნობებისა და სურვილების გამოსახატავად.

ნამუშევრები სათაურების გარეშე. ტილოებზე ერთი და იგივე ფრაზა მეორდება მანტრას პრინციპით. ყველა სიტყვა თითოეულ ნახატზე დამთვალიერებელმა უნდა წაიკითხოს თავიდან ბოლომდე. ენერგეტიკული მუხტი, რომელსაც აჩენს მანტრა, აღწევს ადამიანის ქვეცნობიერში. 100-ჯერ და უფრო მეტჯერ გამეორებული ,,მე შენ მიყვარხარ", ,,მომეფერე", ,,მოდი ჩემთან", ,,შენთან მინდა" თუ ,,მომენატრე" ერთგვარი მედიტაციაა დამთვალიერებლისთვის. გამოფენა ინტერაქტიულია - ენერგიას, რომელსაც დააგროვებთ ფრაზების კითხვისას, განცდები, რომლებიც დაილექება თქვენს ქვეცნობიერში, შეგიძლიათ გამოხატოთ და დააფიქსიროთ სპეციალურ კედელზე.

წიგნები სიყვარულზე ძველ კარადაშია მოთავსებული. ინსტალაციის იდეა ავტორს სიყვარულისადმი დამოკიდებულებაზე დაკვირვების შემდეგ გაუჩნდა - ,,სიყვარული უფრო ხშირად შენახული გვაქვს, სადღაც ძველ მივიწყებულ კუთხეშია შემალული. რაც დრო გადის სიყვარულთან ერთად ყოფნაში, აღარ ვიხსენებთ, აღარც ვახსენებთ, აღარ ვსაუბრობთ სიყვარულზე და ვეგუებით ფაქტს, რომ ის უნდა არსებობდეს თავისთვის ჩუმად, ყურადღების გარეშე".

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ზურაბ არაბიძის წიგნის ,,მე შენ მიყვარხარ" პრეზენტაცია. 404 გვერდზე, 202 ფურცელზე 63 468-ჯერ ახსნილი სიყვარული, ავტორის თქმით, ესაა წიგნი ყველასთვის, ვისაც შეუძლია სიყვარული. წიგნში პირველი გვერდი თავისუფალია - ,,ეს თქვენთვის, რომ ადრესატს მიუძღვნათ საჩუქარი და კიდევ ერთხელ უთხრათ, როგორ გიყვართ".

პროექტის ორგანიზატორია გალერეა ,,გამრეკელი", მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ,,TNN ART" პროექტი.