თემო გოცაძის გამოფენა, ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე [ეროვნული გალერეა]
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარი. მათ შორის მონუმენტური აბსტრაქციები, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ნამუშევართა დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა და ერთიანდება სერიაში სახელწოდებით „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე". ექსპოზიციაზე ასევე გამოიფინება 2015 წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის გრაფიკული სერია.
ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. 1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, შემდეგ კი მთავარი მხატვარი იყო. 12 წელი ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლს, ხოლო შემდგომი 18 წლის მანძილზე (1988-2005 წლებში) სურათების ეროვნულ გალერეას. მისი თაოსნობით ეროვნულ გალერეაში პერმანენტულად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები. თემო გოცაძემ არაერთ ცნობილ მხატვარს გაუკვალა გზა სახელოვნებო სარბიელზე.
თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. ასევე იტალიის, აშშ-ს, მექსიკის, ირანის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.
გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.