ქეთევან მატაბელის რეტროსპექტული გამოფენა [ეროვნული გალერეა]
ქეთევან მატაბელი - ფერმწერი, გრაფიკოსი, კოლაჟების და ასამბლაჟების ავტორი. ის არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე. მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1984 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
გამოფენა პირველად წარმოაჩენს სრულად ქეთევან მატაბელის შემოქმედებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის აბსტრაქტული ასამბლაჟები, ძველ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნილი თბილისის პეიზაჟები, ხელნაკეთი წიგნები იგივე ,,ფოლიანტები". ასევე ნარდისა და ჭადრაკის, ბანქოსა და დომინოს თემაზე შექმნილი კოლაჟები. ექსპოზიციაში ჩართული იქნება ინსტალაცია.
მრავალპლასტიანი ფაქტურული თხრობა ქეთევან მატაბელის სამეტყველო ენად იქცა. კოლაჟების და ასამბლაჟების შესაქმნელად მან ორიგინალური ტექნიკა შეიმუშავა, რომელშიც მხატვრის ფიქრები და ემოციებია გადმოცემული. მისი შემოქმედება გარკვეულწილად გალაკტიონის, ბულგაკოვის, მეტერლინკის და რაც მთავარია, რუსთაველის ნააზრევიდან მომდინარეობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ მიგნებული მხატვრული წესრიგის სათავეს სარდაფიდან ამოტანილი, სკივრში შემონახული საოჯახო რელიქვიები წარმოადგენს. სწორედ მათთან კავშირმა - წარსულთან შეხებამ განსაზღვრა ქეთევან მატაბელის შემოქმედების ორიგინალობა.