პოლინა კანისის და ქეთევან ღვინეფაძის გამოფენა „ცვლა“ [The Why Not Gallery]
პოლინა კანისის ვიდეო “ცვლა” გადაღებულია მედიდურ სტალინისტურ შენობაში, რომელიც საბჭოთა ადმინისტრაციულ ან დასასვენებელ დაწესებულებას წააგავს. ანონიმური ინსტიტუცია, რომლის ფუნქციაც უცნობი რჩება ვიდეოს განმავლობაში, უწინ მუზეუმი ყოფილა, როგორც ამას ხელოვანი თავად წერს. სივრცე ფუკოსებური ჰეტეროტოპიაა, რომელიც მაყურებელს მრავალაზროვანი მნიშვნელობებისა და ხელშეუხებელი დაძაბულობის სამყაროში ეპატიჟება.
კამერის ნელი მოძრაობები აჩვენებს მამაკაცებს, უსახურ უნიფორმებში, იატაკების რეცხვისა და შენობის ადმინისტრაციული ნაწილის დალაგების პროცესში. დროდადრო მათ მკაცრ გამომეტყველებიანი ქალბატონები ახლავთ, რომლებიც მაცდურ ტანსაცმელში გამოწყობილები, გაუნძრევლად ელოდებიან, როდის მორჩებიან მამაკაცები დალაგებას. გახუნებული ჟურნალები, რეტრო ავეჯი და ძველი ნივთები უდროობის ეფექტს ქმნის - ამ დაწესებულებაში დრო მართლაც რომ გაჩერებულა. მხოლოდ თანამშრომლები, ლეთარგიული და უემოციო, მკაცრად განსაზღვრული ქორეოგრაფიითა და ერთმანეთთან ინტერაქციის გარეშე მოძრაობით, შთაბერავენ შენობას სიცოცხლეს, და დანიშნულებას აძლევენ მას. მაგრამ, მათი საქციელიც უაზრო და ფუჭია; ვიდეო შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც კომენტარი პოსტ-საბჭოთა ინსტიტუციებზე, რომლებიც ერთგვარ არსებობის ლიმბოში არიან გაჭედილები.
მორჩილი მამაკაცები ვერც კი ბედავენ შეხედონ ლამაზ ქალბატონებს, რომლებიც აშკარად აკონტროლებენ სიტუაციას. მათი სიშიშვლე და სინაზე მათ არ ხდის მოწყვლად, პირიქით, მათი სექსუალობა მათი ყველაზე ძლიერი იარაღია. ვიდეოს ბოლო სცენა ამყარებს ამ შეხედულებას, როდესაც ერთ-ერთი მამაკაცი აშტერდება ქალბატონს, რომელიც სცენაზე წევს და ფეხებს იქნევს ჰაერში. იგი თითქოს ამ მამაკაცისათვის ცეკვავს და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მგრძნობიარე პოზაშია, იგი მაინც უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი, რომელიც უძლურია იმოქმედოს საკუთარი სურვილისამებრ, და მხოლოდ ისღა შეუძლია, რომ მიაშტერდეს ქალს. ეს მომენტიც შეიძლება განიხილოს, როგორც კომენტარი პოსტ-საბჭოთა საზოგადოების შესახებ, სადაც ქალები ბევრად უფრო მოქნილები აღმოჩნდნენ და უფრო ადვილად აუღეს ალღო ახალ ცხოვრების წესსა და გამოწვევებს, კაცებთან შედარებით, რომლებიც ბევრად უფრო ხისტები და მოუქნელები აღმოჩნდნენ ახალ საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.
ხელოვანი თხრობას უფრო ართულებს და ვიდეოში არსებულ სექსუალურ მუხტს, როგორც საროსკიპოს ალუზიას ასე ხსნის. ამ სცენარში ორივე, ქალებიც და კაცებიც მომსახურების მდგომარეობაში იმყოფებიან; თუმცა მათი შრომის მიზანი გაუგებარია და არ ჩანს კლიენტი, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ვიდეოს მუხტს. მათი შრომის მძიმე რეალობა უპირისპირდება ვიდეოს გადაღების სტილიზირებულ მეთოდს; ყველა კადრი ზედმიწევნით კონსტრუირებულია, თითქოს ნახატი ცოცხლდება და ფერის, კომპოზიციისა და განათების მეშვეობით იქმნება რბილი, მოალერსე, ლამაზი ატმოსფერო.
ქეთევან ღვინეფაძის ფოტო პრინტი სერიიდან “პირადი ლანდშაფტი” საინტერესო ვიზუალურ კავშირს ქმნის კანისის ვიდეოასთან. ორივე ნამუშევარში სხეული წამყვანი თემაა და იგი პოლიტიკურ, მეტაფორულ და ანც განზომილებას იძენს. ღვინეფაძის ფოტოპროექტი შედგება ავტოპორტრეტებისგან, რომლებიც შექმნილია როგორც გამოჩენისა და დამალვის ვირტუალური თამაში. საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რაც ძირითადად, უცხო თვალისთვის მიუწვდომელია; ამასთანავე, მისი ესთეტიკური ნაწილის კვლევა და სხეულის გამოყენება, ახალი ფორმის შესაქმნელად, სადაც სხეული ხორცი კი აღარაა, არამედ - კონცეპტი.
პოლინა კანისი (დ.1985) წარმოშობით რუსი ხელოვანია, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი 2008-2011 წლებში სწავლობდა როდჩენკოს სახელობის მოსკოვის ფოტოგრაფიისა და მუტიმედია სახელოვნებო სკოლაში. მისი შემოქმედება ძირითადად ვიდეო ხელოვნებას უკავშირდება და განიხილავს თემებს, როგორიცაა გენდერი, შრომის პირობები, ძალაუფლება და იდეოლოგია. მისი ნამუშევრები გამოფენილა ევროპასა და რუსეთში, მათ შორის IkonoTV, ბერლინი; Haus Der Kunst, მიუნხენი; Carreau du Center, პარიზი; Manifesta 10, სანტ პეტერბურგი; Garage Museum of Contemporary Art, მოსკოვი; Museum of Modern Art, ვარშავა; Kunsthalle Dusseldorf, დუსელდორფი; Brot Kunsthalle, ვენა.
ქეთევან ღვინეფაძე (დ.1989) ვიზუალური და კონცეპტუალური ხელოვანია საქართველოდან, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ბარსელონაში. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა იკვლევს გენდერსა და პოლიტიკას, და შედეგად იქმნება ვიზუალური ენა, რომელიც ავტობიოგრაფიულ ნარატივს და პოსტ-საბჭოთა ისტორიას ურწყავს ერთმანეთს.