მეც ის ვიცი რაც შენ იცი’ [The Why Not Gallery]
The Why Not Gallery მოხარულია წარმოგიდგინოთ გამოფენა ‘მეც ის ვიცი რაც შენ იცი’, რომელიც შედგება ვატო წერეთლის ვიდეოს, ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსის ჩანაწერის და გიორგი გელაძის ფერწერული ნამუშევრებისგან.
გამოფენა ეხმიანება წლევანდელი თბილისის ტრიენალეს თემას ‘ნება’, სადაც ეს კონცეფცია განიხილება პერსონალურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილებში. წარმოდგენილი ექსპოზიცია წარმოაჩენს ხელოვანის ნებას, როგორც შემართებას, უნარს და ძალას გაუძლოს რეალობის ყველაზე მკაცრ გარემოებებს, გააკეთოს კომენტარი დღევანდელობისთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე და ასახოს ყველაზე კარგად შენიღბული პარანოიები.
ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსი ‘Stand Against’ 1991 წელს მოეწყო; იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყანა რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდიდა, ყველა ღირებულება, რწმენის და ცხოვრების სისტემები დაინგრა და დაბნეული საზოგადოება ახალი რეალობის პირისპირ დადგა, რომლის აღქმის უნარი მას არ გააჩნდა. ამ ქაოტურ მოცემულობაში, სადაც ყოველდღიური გადარჩენა მთავარი საფიქრალი იყო, ბუნებრივია, რომ თანამედროვე ხელოვნება ნაკლებად იყო აქტუალური. იმ დროს კოლმეურნეობის მოედანი, ახლა ორბელიანის მოედანი, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი იყო, რადგან ბაზართან მდებარეობდა და ბაზარი ფაქტიურად მთავარი თავშეყრის ადგილი იყო. მიწისქვეშა გადასასვლელი (იგივე, სადაც ახლა გალერეა მდებარეობს), ტრანზიტორული, მაგრამ ინტიმური სივრცე, საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა ამ უკვე საკულტო პერფორმანსისათვის. შავებში ჩაცმული ხელოვანები იმდროინდელ მაფიოზებსა და კიდევ უფრო საეჭვო პოლიტიკოსებს წააგავდნენ, სახეები ბრინჯაოსფრად ქონდათ შეღებილი და შუშის ვიტრინის უკან გაუნძრევლად იდგნენ. გამვლელებს ისინი მანეკენები ეგონათ, სანამ მათ მოულოდნელად შუშა არ ჩაამსხვრიეს. ამ გაქვავებული გამომეტყველების კაცების ძალისმიერი ჟესტი და შუშის გატეხვის მჭახე ხმა განუკითხაობის, დაბნეულობის, პირველყოფილური ძალადობის ეპოქაზე ზუსტ რეფლექსიად იქცა.
ვატო წერეთლის ანიმაციური ვიდეო ‘ტექნო’, 2014, საბჭოთა ესთეტიკაში არის შესრულებული და ბურღის მანქანაზე მჯდომ მუშას გვანახებს. კადრი ფართოვდება და ჩანს, რომ იგი ლენინის მავზოლეუმის ქვეშ არის მოყოლილი და ლენინის ცხედარი ჩააქვს მიწაში (და შესაძლოა მასთან ერთად იმარხება). მოქმედებას საუნდთრეკად ტექნო მუსიკა ადევს, რომელიც 90-იანების დასაწყისის ასოციაციებს იწვევს. ვიდეოში რუსული სატვირტო მანქანა ჩნდება და რეკონსტრუქციისა და რესტრუქტურიზაციის განცდას აღვივებს. ეს თითქოსდა სწორხაზოვანი და მარტივი ქმედება, რომელსაც ვიდეო აღწერს, ეხმიანება უფრო ღრმად გამჯდარ სენტიმენტებს, რომლითაც ქართული საზოგადოება (ისევე როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა) გაჯერებულია. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და საბჭოთა მემორაბილია გავაქრეთ, მაგრამ საბჭოთა მენტალობის ფანტომი მაინც სადღაც, ხელშეუხებელ სიბრტყეზე აგრძელებს არსებობას. ვიდეო თითქოს იუმორნარევ გრანდიოზულ დასუფთავებას წარმოიდგენს, რომელიც ჩვენმა მენტალობამ უნდა განიცადოს და წარმოიდგენს სამყაროს და წარმატებით ხორციელდება, რაზეც ჯეკპოტის სამი 7-იანი მიანიშნებს.
ახალგაზრდა ხელოვან გიორგი გელაძის ნამუშევრები მისი სერია ‘ალღორითმები’-დან არის წარმოდგენილი. ნამუშევრებს იგი ნაპოვნ იაფფასიანი მასალებიდან ქმნის; ეს ნაჭრები, ტექსტურები და პატერნები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც გელაძე სიტყვებს ახატავს და ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიის სათაური ‘ალღორითმები’ შედგება სიტყვა ‘ალღო’-სა და ‘რითმა’-სგან და უმალ მიუთითებს ნამუშევრების მახვილ, იუმორისტულ და პოეტურ განზომილებებზე. ერთი შეხედვით მარტივი სიტყვები და წინადადებები უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა; ზოგჯერ ეს ხუმრობაა, უაზრო ფიქრი, პოლიტიკური დაკვირვება ან სახეში სილის გაწნის ტოლფასი კონფრონტაციაა - მაგრამ ყოველთვის ზუსტი რეფლექსაა. წარმოდგენილ ინსტალიაციაზე ნამუშევრები ერთმანეთზე არის დაკიდებული, ისე რომ თითქმის შეუძლებელია ტექსტების წაკითხვა. ასეთი მოპყრობა ძალიან გავს ხელოვანის მუშაობის ტექნიკას, როცა იგი ერთმანეთზე ახატავს, აწეპებს და ალაგებს, მაგრამ კიდევ უფრო გავს იმას თუ როგორ იქმნება ეს კონცეფციები და როგორ გადმოსცემს იგი თავის სათქმელს. ასეთი ექსპოზიცია ასევე კარგად ეხმიანება ვიტრინის გარშემო სივრცეს და მის ძალიან კონკრეტულ ესთეტიკას. გამოფენის სათაური გელაძის ერთ-ერთი ნამუშევრიდან არის აღებული.
გიორგი გელაძე (1996, თბილისი) ამჟამად ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში სწავლობს. იგი საკუთარი კრეატიული ექსპერიმენტაციისას მუშაობს ქართულ ენაზე, არქიტექტურასა და ნაპოვნ მასალებზე. მას მონაწილეობა მიუღია თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. 2018 წელს მან ითანამშრომლა ბრენდი ‘სიტუაციონისტ’- თან მათი შემოდგომა-ზამთარი 2018-19 კოლექციაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო პალე დე ტოკიო, პარიზში. მისი ნამუშევრები ამჟამად არის გამოფენილი ფრანკფურტში გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში.
ოლეგ ტიმჩენკო (1975, თბილისი) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1982 წელს. იგი ქართული არაოფიციალური ხელოვნების აქტიური წარმომადგენელი იყო და კოლექტივ ‘X სართული’- ს წევრი იყო. კოლექტივი გერმანული ნეოექსპრესიონიზმით იყო ინსპირირებული და სხვადასხვა მედიაში ექსპერიმენტაციით გახდა ცნობილი. ტიმჩენკოს ნამუშევრები გამოფენილა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის ნიუ იორკი, ლონდონი, პრაღა. მისი ნამუშევრები ბევრ კოლექციებშია დაცული, მათ შორის ლუდვიგის მუზეუმი, ბუდაპეშტი.
ნიკო ცეცხლაძე (1959, თბილისი) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1986 წელს. 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან იგი აქტიურად მოღვაწეობდა ქართულ არაოფიციალური ხელოვნების სცენაზე და იყო კოლექტივ ‘X სართული’-ს წევრი. მისი ნამუშევრები გამოფენილა საქართველოში, ესპანეთში, ჩეხეთსა და თურქეთში.
ვატო წერეთელი (1975, თბილისი) მიიღო მაგისტრის ხარისხი ფოტოგრაფიაში ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიაში 1998 წელს. იგი მულტიმედია ხელოვანი, კურატორი და კრეატიული ადმინისტრატორია და ბევრი საეტაპო პროექტის ინიციატორია, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი (2010), თბილისის ტრიენალე (2012) და სხვა. მისი ნამუშევრები გამოფენილა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. გალერეა