არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

განახლებული როგორც ფენიქსი, სოფო ტაბატაძე და სალომე დუმბაძე [The Why Not Gallery]

2019

სოფო ტაბატაძის ვიდეო 'პირიმზე' და ამავე სახელწოდების მულტიპლიკაცია ხელოვანის ხუთ წლიანი კვლევის პროცესშია შექმნილი. თავდაპირველად ტაბატაძის ინტერესი გააღვიძა უეცარმა აღმოჩენამ, რომ პირიმზე აღარ არსებობს. შენობა, რომელიც ერთ დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თბილისის ცხოვრებაში და მაცხოვრებლებისთვის უამრავ სერვისს ითავსებდა, ტრანსფორმაციას განიცდიდა და უნდა გადაკეთებულიყო ძვირფას ბიზნეს ცენტრად. ხელოვანი მოინუსხა აზრით, რომ მთელი სამეზობლო შეიცვლებოდა და გადაწყვიტა, რომ რაიმე ფორმით შეენარჩუნებინა ეს უნიკალური მოცემულობა, შეეგროვებინა რაც შეიძლებოდა მეტი მასალა მის გარშემო. შედეგად მიიღო პოლიტიკური და სოციალური კონოტაციებით დახუნძლული ნამუშევრები, რომლებიც თანამედროვე საქართველოს მეტაფორადაც შეიძლება იყოს წაკითხული: 1971 წელს საზეიმოდ გახსნილი პირიმზე ხელოსნებისთვის შექმნილ უნიკალურ სამუშაო სივრცედ იყო მოაზრებული. 1980-იანი წლების განმავლობაში, ამ სივრცეში შესაძლებელი გახდა საბჭოთა კონიუქტიურის გვერდის ავლით, ბევრი ფულის კეთება. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, პირიმზის სტატუსი შეიცვალა და სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადავიდა, სადაც საერთო წილის 49% მფლობელი იქ მომუშავე ხელოსნები იყვნენ. 2003 წელს საწარმო ბანკროტად გამოცხადდა და სახელმწიფომ აუქციონზე გამოიტანა. 51%-ის ახალმა მფლობელმა 2007 წელს ხელოსნებს შენობის დატოვება მოსთხოვა იმ პირობით, რომ სივრცე გარემონტდებოდა და ხალხი უკან დაუბრუნდებოდა თავის სამუშაო ადგილებს. როდესაც რეკონსტრუქცია დაიწყო, ხელოსნებმა სამეზობლოში გახსნეს თავისი, თითქოს დროებითი სახელოსნოები, იმ იმედად, რომ მალევე დაბრუნდებოდნენ უკან.

სოფო ტაბატაძის ვიდეო ნამუშევარი პირიმზის ისტორიას შენობის პერსპექტივიდან ყვება, მის განახლებულ ვიზუალს აღბეჭდავს და ახმოვანებს პირიმზე პლაზას სარეკლამო ბროშურიდან ამოღებულ ფრაზებს. დიდი შეუსაბამობაა იმასთან, თუ როგორ გამოიყურება შენობა და როგორ რეკლამირდება იგი. ამასობაში, ვიდეო ინაცვლებს სამეზობლოში, სადაც უამრავი პატარ-პატარა პირიმზე გახსნილა. კამერა დეტალურად აფიქსირებს სახელოსნოების ინტერიერებს, იქ მყოფ მომუშავეებსა და კლიენტურას, რომლებიც თითქოს უდროობის განცდაში არიან გაჭედილები. ხელოვანი ცდილობს შეინარჩუნოს ეს ორგანულად შექმნილი ეკოსისტემები, სადაც პერსონალური მემორაბილია, სამუშაო ხელსაწყოები და იაფფასიანი გამოსახულებები ერთმანეთს ენაცვლება და განსაკუთრებულ აურას ქმნის. ამ კადრებს შორის იკითხება რაღაცის გაუგებარი მოლოდინი, რეალობასთან აცდენის განცდა და ამ მდგომარეობის სიმყიფე. მულტიპლიკაცია, ასევე სახელწოდებით 'პირიმზე' ასახავს შენობის პირველი სართულის მაკეტის შექმნის პროცესს. მოძრაობას თან მიყვება მამაკაცის ხმა, რომელიც ზედმიწევნით დეტალურად იხსნებს რომელ ჯიხურში რისი შეკეთება იყო შესაძლებელი. ამ ჟესტით ხელოვანი ხაზს უსვამს საკუთარ სურვილს აღადგინოს და ასეთი ფორმით უკვდავყოს ამ უნიკალური კომუნის იერსახე, რომელიც მისი თავდაპირველი აღფრთოვანების ობიექტი იყო. ეს ჯიხურები თვითორგანიზებულობისა და თვითგადარჩენის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ და გულწრფელ სიმბოლოდ შეიძლება წაიკითხოს.

სალომე დუმბაძის ინსტალაცია ‘განახლებული, როგორც ფენიქსი’ შენობის ახალ ლოგოს ქმნის, რომელიც ცეცხლმოდებულ პირიმზის შენობას და მასში გამომწყვდეულ ფენიქსს აღბეჭდავს. ლოგოს ორივე მხარეს შიშველ ქალების გამოსახულებები აქვს. ეს გამოძახილია სახელოსნოების ყველაზე ხშირ დეკორზე - ჟურნალებიდან და კალენდრიდან ამოჭრილი შიშველ ქალების გამოსახულებები. სალომესთვის ესაა პირიმზის, როგორც მასკულინური სამყაროს ხასიათის ყველაზე ძლიერი სიმბოლო. მხატვარმა გამოსახულებების საყოფაცხოვრებო საგნებზე გადატანა გადაწყვიტა; საგნებზე რომლებიც პირიმზის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია; მაგალითად მატრასი, რომელიც მკერავმა დარეჯანმა შეკერა და კერამიკის თეფშები.

ერთხელ, როცა სალომემ დარეჯანს მიაკითხა, მკერავების სადილს შეესწრო, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც სოფოს ფილმში, ამჯერად ევრო- რემონტ-ჩატარებულ კედლებში. ამიტომაც, პირიმზის ლოგო კერამიკის თეფშებზეც დაიტანა, როგორც ყველაფრის ბრენდირების, განახლების ცდა, ახალი თეფში, ახალი ლოგოთი და იგივე საჭმელით მასზე.

სოფო ტაბატაძემ (1977, თბილისი) დაამთავრა ფერწერა-გრაფიკის ფაკულტეტი ამსტერდამის გერით რითველდის აკადემია. მისი სახელოვნებო პრაქტიკა ძირითადად სოციალურ თემატიკას ეხმიანება და წარმოადგენს ხელოვანის ღრმად შესწავლილ, კრიტიკულ, და ხშირად იუმორნარევ პოზიციას სხვადასხვა მედიაში. 2003 წელს მან ჩამოაყალიბა სახელოვნებო ორგანიზაცია ‘GeoAir’, რომელიც კულტურულ კვლევით პროექტებს, სახელოვნებო რეზიდენციას და სახელოვნებო არქივს აერთიანებდა. ტაბატაძის ნამუშევრები ხშირად გამოფენილა საქართველოში და მის საღზვრებს გარეთ; მათ შორისააა ბოიმანსის მუზეუმში, როტერდამი, გიოტინგენის ქუნსთვერეინი, ტარტუს მუზეუმი (ესტონეთი), კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი, მარაიას სახელოვნებო ცენტრი, შარჯა, სტამბულის მეათე საერთაშორისო ბიენალე, გოეთეს ინსტიტუტის მოგზაური გამოფენა’საზღვარი’. 2007 წელს, ხელოვანმა წარმოადგინა საქართველო 52-ე ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე.

სალომე დუმბაძემ (1992, თბილისი) დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და შემდეგ განათლება თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სამაგისტრო კურსზე გააგრძელა. იგი ძირითადად მარტო მუშაობს, თუმცა აქვს კოლაბორაციული ნაშრომები ქეუ მეფარიშვილთან ერთად. მისი მედიუმებია: ფერწერა, ობიექტები. თბილისში არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა.