ძმები ზდანევჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი Fest i Nova 2009
ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2009 წლიდან ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში იმართება. იგი არტ-ვილას კონცეფციის, მისი ფუნქციების განხორციელების უმთავრეს ინსტრუმენტია.
Fest I Nova ერთგვარად აგრძელებს წინა საუკუნის დასაწყისის ქართველი მოდერნისტი მხატვრების მიერ დაწყებულ მოძრაობას, რომლითაც ქართული შემოქმედებითი სივრცე პროგრესული არტ-პროცესების მონაწილე უნდა გამხდარიყო და შესაძლებლობა ჰქონოდა საერთაშორისო არტ-ტენდენციებისთვის საინტერესო გამოცდილება მიემატებინა, თუმცა საბჭოთა ისტორიამ ეს განვითარება შეაჩერა.
ფესტივალმა უკვე უმასპინძლა მრავალ არტისტს, რომელთათვის ქართული კულტურული კონტექსტი ნამდვილი აღმოჩენა იყო და დღეისთვის ისინი საკუთარ ქვეყნებში პოპულარიზაციას უწევენ ფესტივალის იდეას და არტ ვილა "გარიყულას" ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში ეხმარებიან.
2009 წელი არტ-ვილა გარიყულას ისტორიაში, ისევე როგორც მთლიანად ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან აქ, პირველი საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი Fest I Nova ჩატარების იდეა დაიბადა. ხოლო შემდგარი ფესტივალი, თვალნათელი მაგალითია არტ ვილა გარიყულას ნოვატორული, დინამიური გზით განვითარებისა. მნიშვნელოვანია, თავად ფესტივალის ჩამოყალიბების კონცეფცია, რომელიც ისევე როგორც არტ-ვილას დაარსების აუცილებლობა, ისტორიული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურებაა. Fest I Nova ძმები ზდანევიჩების სახელობის მემორიალური ფესტივალია, რომელიც ეფუძნება მათ ავანგარდულ ძიებებს, სიახლის შეცნობისა და მის განსხეულებას თანამედროვე კომპლექსურ რეალობაში. Fest I Nova თავისი იდეითა და გამოხატულებით წარმატებით აგრძელებს ზდანევიჩების შემოქმედების აქტუალიზაციას და ახალგაზრდული ენერგიითა წარმოგვიჩენს ამ იდეების განხორციელების აუცილებლობას დღევანდელ ქართულ კულტურაში. ამ პროცესის დინამიურობას განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ ფესტივალის ორგანიზატორი, ისევე როგორც არტ-ვილას დამფუძნებელი ერთი და იგივე პირვნება, ზდანევიჩების უშუალო შთამომავალი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძეა.
ყოველ წელს ფესტივალს აქვს ზოგადი კონცეფცია, თემა რომლის გარშემოც არტისტები ქმნიან თავიანთ ნამუშევრებს. არ არის შეზღუდული რომელიმე დარგი. ფესტივალის ფარგლებში არტ-ვილას სინთეზირებული მიდგომა ხელოვნების დარგებისადმი (რაც თავისთვად განპირობებულია თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკით) საინტერესოდ ვლინდება. ამ პროცესში აქტიურად ჩართულები არიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები, ახალგაზრდები და უკვე გამოციდლი პროფესიონალები. ძირითადად ათვისებულია ბოლგარსკების სასახლის ეზო ინსტალაციებისა და არტისტული პროექტებისთვის, მთელი დატვირთვით მიმდინარეობს მუშაობა სახელოსნოში. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვანებისათვის გარიყულას სივრცე შემოქმედებითი წვის მთავარი წყაროა. ფესტივალის მთავარი სპონსორია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სხვადასხვა კერძო კომპანია და უცხოელი პარტნიორები.
ფესტივალის ფარგლებში უპირველესად , მყარდება და ვითარდება საერთაშორისო კავშირები. უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ადგილობრივი ქართული სახელოვნებო პროცესების დინამიურად განვითარებას, საერთაშორისო ურთიერთანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობას და რაც მთავარია მიზანმიმართულია ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისკე . ინოვაციის, არტისტული ძიებების მუდმივი პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის. ფესტივალის 7 წლიანი გამოცდილება ადასტურებას აღნიშნული პროექტების მნიშვნელოვნებას დამწყები, ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიული განვითარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და პოპულარიზაციის მიზნით საფუძველი ჩაუყარეს სხვადასხვა ქვეყნის პავილიონების იდეას, რომელიც თავისი შინაარსით არის კონცეპტუალური და გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ-დიპლომატიურ მონაწილეობას ქართულ სახელოვნებო სივრცეში. პავილიონები ძირითადად წარმოადგენენ დროებით საგამოფენო ტრანსფორმირებად სივრცეებს, სადაც ერთგვარ ტრადიციად მკვიდრდება ამა თუ იმ ქვეყნის მონაწილეობა გარიყულას საგანმანათლებლო-კულტრულურ ცხოვრებაში.