ნაქსოვი არქიტექტურა, ფიონა დევისის გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში
ავსტრალიელი ვიზუალური ხელოვანის, ფიონა დევისის, საგამოფენო პროექტი “ნაქსოვი არქიტექტურა” არის ადგილზე მორგებული ნამუშევარი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სამ სხვადასხვა სივრცეში. ნაქსოვი შედგენილია ლენტებით, რომლებიც ერწყმიან შენობის არქიტექტურას და თავადაც ქმნიან არქიტექტურულ სტრუქტურას.
ლენტების გამოყენება საშუალებას იძლევა, რომ ქსოვის პროცესი დაზგის გარეშე წარიმართოს. ამ შემთხვევაში თავად არქიტექტურა გარდაიქმნება ქსოვილის დამჭერ სტრუქტურად. ატლასის შავი, თეთრი და ღია ნაცრისფერი ლენტებით შექმნილია სატინის ხლართის სხვადასხვა ვარიაცია. როგორც ატლასის ხლართით ნაქსოვი ლენტები, ისე სატინის ხლართით მიღებული არქიტექტურული სტრუქტურა, წარმოქმნის თავისუფლად დატოვებულ გრძელ მონაკვეთებს, რომლებიც სინათლეს განსაკუთრებით ირეკლავენ და ქსოვილს ბზინვარებასა და ძვირფას იერს სძენენ. მოქსოვილი ზედაპირი ფორმირდება ფოტონურ მოწყობილობად, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის შენობაშია ჩამაგრებული. ნამუშევარი განსახვავებულად აღიქმება მნახველის ხედვის კუთხის, სინათლის ანარეკლებისა და დღის მონაკვეთების ცვლასთან ერთად.
ატლასისა და სატინის ხლართები, როდესაც მათ ქაღალდზე გადავიტანთ საქსოვი სქემის სახით, შეიძლება მივამსგავსოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ფორმებს, რომლებშიც მონაცემები შედგება კომპიუტერული პროგრამირებისთვის ტიპური ნულიანებისა და ერთიანებისაგან. სქემაზე შავი და თეთრი კუბები გვიჩვენებს თუ ამ კონკრეტულ წერტილში რომელი ძაფია წინ და რომელი - უკან. თუმცაღა, როდესაც მონაცემთა ვიზუალიზაციის ეს ხერხი გადაფარულია ვიზუალიზაციის სხვა საშუალებით (სადაც შავი და თეთრი სხვა რამეს აღნიშნავენ), ბუნებრივად ჩნდება შეუსაბამობები, შეცდომები და მოულოდნელობები. ნებისმიერი მონაცემები შეიძლება გარდაიქმნას მისი ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.