მის ადგილას მხოლოდ ფოლადია, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
რუზბე ახბარისა და ფელიქს კალმენსონის (PEJVAK) გამოფენა „მის ადგილას მხოლოდ ფოლადია” შთაგონებულია მრავალფეროვანი სოციო-კულტურული პრაქტიკით, რომელიც სამხრეთ კავკასიის თუთის ხეებს შეეხება. მრავალწლოვანი თუთის ხის მერქანი ფართოდ გამოიყენებოდა უძველესი ინსტრუმენტის - თარის შესაქმნელად, ხოლო მისი სიმები, ტრადიციულად, აბრეშუმის ძაფისგან მზადდებოდა. თავდაპირველად თარი ირანში გამოიგონეს, თუმცა 1870 წელს მაესტრო სადიქჯანმა, აზერბაიჯანის ქალაქ შუშადან, საკრავი განავითარა და დღევანდელი აზერბაიჯანული თარის ფორმა მისცა. მომდევნო ათწლეულებში შუშა ფართოდ გახდა ცნობილი თავისი მდიდარი მუსიკალური კულტურითა და სამუსიკო სკოლით, სადაც ასწავლიდნენ აზერბაიჯანულ ფოლკლორულ მუსიკას ე.წ. „ყარაბაღულ მუღამს“ (აზერბაიჯანული ფოლკლორისა და ცეკვის ტრადიციული ჟანრი). ისტორიულად შუშა და იქ თუთის უხვად არსებული პლანტაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აბრეშუმის წარმოებასა და ვაჭრობაში. საბჭოთა პერიოდში, ძველი ინფრასტრუქტურა გათანამედროვდა და გაფართოვდა, რის შედეგადაც დაარსდა აბრეშუმის გადამამუშავებელი არაერთი საწარმო, მათ შორის ერევნის აბრეშუმის კომპანია. საბჭოთა კავშირის დაშლა და მოულოდნელად დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, კრიტიკულად შეეხო ქალაქ შუშას, რამაც გამოიწვია, როგორც აბრეშუმის ინდუსტრიის, ისე მუღამის მუსიკალური აკადემიის განადგურება. გამოფენის ინსტალაციებში ვლინდება კავშირი ამ მრავალშრიან ისტორიასა და ყარაბაღის თუთის ხეებთან დაკავშირებულ მასალებს შორის. არქიტექტურული ინტერვენციისათვის გამოყენებულია ერევნის აბრეშუმის გაუქმებული კომპანიის ქსოვილების ბოლო პარტია, რომელიც განათების მანიპულაციას ქმნის სივრცეში.
აზერბაიჯანელი მუსიკოსის, რამინ პირმამადოვის შესრულება გამოფენის გახსნის დღეს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.
პროექტის მხარდამჭერები არიან კანადის ხელოვნების საბჭო, ონტარიოს ხელოვნების საბჭო და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.