¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!
"¡No vayas sola, Remedios!" ("მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!") მხატვრის და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონის და ჩემი თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. პროგრამა ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში და მის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მუზეუმის კონტექსტით განპირობებული ახალი, ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე მულტიმედიური ინსტალაციის შექმნა და სამუზეუმო სივრცეში ხელოვანისა და კურატორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროექტის სათაური, "მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!“, რამდენადმე თავისუფალი მინიშნებაა მაგიურ რეალიზმზე. აბრეშუმის პარკად გადაქცეული ავტორის სხეული, რომელსაც მაყურებელი საბოლოოდ მინის ვიტრინაში თიხის ობიექტის სახით ნახავს, თითქოს თვითნებურად ეწერება მარკესის ლიტერატურული პერსონაჟების ექსტრაორდინალური სხეულების სიაში: იქნება ეს ცაში სარეცხთან ერთად გაფრენილი მშვენიერი ქალი, თუ კაცი, რომელსაც თავზე პეპლები ეხვევიან. პროექტი "¡No vayas sola, Remedios!" ჭიის პეპლად გადაქცევის საილუსტრაციოდ აქცენტს თიხის სახეცვლილების შედეგად მიღებულ საბოლოო პროდუქტსა და ამ პროდუქტის შექმნის პროცესზე აკეთებს. თიხის მეტამორფოზას მაყურებელი მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებულ ვიდეოპროექციებზე ხედავს. მათ შორის ერთი ვიდეო მუზეუმში, ხოლო მეორე ლია ბაგრატიონის სახელოსნოში ჩატარებული პერფორმანსის მხატვრული დოკუმენტაციაა. პერფორმანსის გამოყენებას პროექტში ორგვარი დატვირთვა აქვს: ისტორიული, როგორც ინტერვენციის ტრადიციულად მნიშვნელოვანი ფორმა (ვენის აქციონისტები, დადა, ნეო-დადა) და ინფორმაციული, როგორც თიხისგან "შექმნის" ვიზუალური ნარატივი. "¡No vayas sola, Remedios!"-ის ექსპოზიცია მუზეუმის ფუნქციას იმეორებს და ცდილობს, მაყურებელს თიხის მეტამორფოზის ყველა ეტაპი აჩვენოს დაწყებული საწყისი მასალის - თეთრი თიხის დამუშავებიდან და დასრულებული იმ საბოლოო პროდუქტით, რომელიც მუზეუმის ცენტრალურ დარბაზშია გამოფენილი. აქ მაყურებელი სამუზეუმო სივრცეში სუბვერსიული ინტერვენციის მცდელობას - რამოდენიმე გამოღებულ, ცარიელ საგამოფენო კარადასაც ნახავს. ვიდეოპერფორმანსში ხაზგასმულია მსგავსება ხელოვანის სხეულს, აბრეშუმის ჭიის პარკსა და საბოლოო ობიექტს შორის. სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კაბა, რომელიც ხელოვანს მუშაობისას აცვია, ერთი მხრივ მოდის ინდუსტრიაში აბრეშუმის გამოყენებას ეხმაურება, მეორე მხრივ კი ხელოვანის თიხასთან შეხების საკრალურობას უსვამს ხაზს. პროექტისთვის გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ოპერატორ ტატო კოტეტიშვილს, მხატვარ თამუნა ქარუმიძეს (ვიდეო-მონტაჟი) და დიზაინერ გოლა დამიანს (კაბის დიზაინი).
მაგდა გურული - პროექტის კურატორი