ახალი მედია ხელოვნების გამოფენა Post.Digital.Dreams
პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" წარმოგიდგენთ ახალი მედია ხელოვნების გამოფენას Post.Digital.Dreams, რომელიც აერთიანებს 23 ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორის ნამუშევარს და სამ სახელოვნებო სივრცეს: ხელოვნებისა და ინოვაციების, Window Project - 18:00, "E.A. საზიარო სივრცე".
-----------
სულ “რამდენიმე წუთის წინ”, ფიქრისა და განცდის გარეშე, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით - გლობალური იმედგაცრუების, ინფორმაციული წარღვნის, ნარცისიზმის, ტექნოლოგიური გულუბრყვილობისა და ღირებულებების დევალვაციის “პოსტ-პოსტ” რეალობაში, სადაც მომავლის პერსპექტივა ბუნდოვანია.
ცხადია, გარემო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც მანამდე - აპოკალიფსი, დემონები და კაცობრიობის კოლექტიური შიშები არასდროს ყოფილა მატერიალიზებასთან ისე ახლოს, როგორც დღეს. იქნებ ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ აღმოჩენების გარეშე, იქ სადაც თითქოს ყველაფერი აღმოჩენილია. ან შესაძლოა, რომ უბრალოდ ვაჭარბებთ? შესაძლოა მომავლის პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელია - შევეგუებით, შევიცვლებით, დავიბადებით და მოვკვდებით. თუმცა ეს უკანასკნელი საეჭვოა... უკვდავების რეალობად ქცევის პერსპექტივა ასე ხელშესახები არასდროს ყოფილა. ჩვენი გონება, ჩვენს მიერ ოდესმე განცდილი თითოეული წამი შესაძლოა ტრანსფორმირდეს უკვადავების სხეულებრივი მონაცვლეობის წრებრუნვაში.
ამ გლობალური პროცესების ფონზე, რა არის ის მოცემულობა, სადაც საქართველოს მდგომარეობა დაუსრულებელი პოლიტიკური სპეკტაკლის მოვლენათა ჯაჭვად იქცა? უკეთესი, კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის, თანხმობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპები ტრაფარეტულ იდეებად აგრძელებენ არსებობას იქ, სადაც პოლიტიკისა და დომინაციური მონოპოლიების სიმბიოზური მდგომარეობა თაყვანს სცემს და ამაგრებს ეგოცენტრული ძალაუფლების ვერტიკალის “ტაძარს”.
და მაინც, რა არის ჩვენი ინდივიდუალური გამოხატვის როლი აქ და ახლა? სად ვართ ჩვენ და სად არის პოსტ-პოსტ რეალობის ხატება? ან რა არის ხელოვნების ის ენა, რომლითაც ამ რეალობაზე ვსაუბრობთ? Post.Digital.Dreams სწორედ ამ კითხვებს მიჰყვება ფიქრისა და რეფლექსიის პროცესში.
• ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბში, დიალოგის ფორმატში წარმოდგენილია 16 ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორის ნამუშევარი. ექსპოზიციის აღნიშნული ნაწილი რეფლექსიაა დღევანდელ ცვალებად ეპოქასთან მიმართებაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფესი ტემპი, ციფრული ინფორმაციის გავრცელების უმართავი პროცესები, დროისა და სივრცის მუდმივი ინტერნეტ კავშირი, მედია მანიპულაციები, ყალბი “ცოდნები” და ინფორმაცია, ალტერნატიული თუ სიმულაციური რეალობები ფუნდამენტურად გარდაქმნის ადამიანის როგორც აღქმის, ისე გამოხატვის პერსპექტივებს.
• "E.A. საზიარო სივრცე" აერთიანებს 6 ავტორს, სადაც მედიუმი თითოეული ნამუშევრის შემთხვევაში ტექნოლოგიური ძიებებთან ერთად მჭიდრო კავშირშია ადგილობრივი კონტექსტის სოციალური და პოლიტიკური პრობლემატიკასთან და თავად ხდება კონკრეტული შინაარსების გამტარი.
პროექტის ავტორები და გამოფენის კურატორები: ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი.
მონაწილეები:
• ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი: ალექსანდრა ბარანკოვა და ჯეი ფერისი, ალექსი სოსელია, ანა გზირიშვილი, ანნი კატრინ ელმერი და იულია ვულფი, ბარბორა გალო, ბაქარ მიგრიაული, გიორგი გედევანიძე, გიორგი მაღრაძე, ელენე გაბრიჩიძე, სისი შნაიდერი, ლევან კაკაბაძე და მარიამ ლომაძე, ნიკოლოზ კაპანაძე და გუგა ვარდიაშვილი, პედრო ფერეირა, საველი შარკოვი-სოლერტინსკი, ქეუ მეფარიშვილი, Part-time Suite.
• "E.A. საზიარო სივრცე": ანნა ძიაპშიპა, გიგი გულედანი, თამარ გურგენიძე, თამარ კალანდაძე და ჟულიან პებრელი, ივლიანე ჩიტიძე, ირაკლი ლომსაძე.
• Window Project: ვასილ მაჭარაძე
პროექტი ხორციელდება: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, გოეთეს ინსტიტუტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით
მხარდამჭერები: Edison Tech Solutions, ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი, E.A. საზიარო სივრცე, Window Project, ARTAREA