არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოფენა "აბსოლუტური ცდომილება"

2020

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „აბსოლუტური ცდომილება“, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეის საკურატორო კონკურსში გამარჯვებული პროექტია.

მონაწილე მხატვრები: მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი .

იდეის ავტორი და კურატორი: მაგდა გურული

„აბსოლუტური ცდომილება“ ფიზიკასა და მათემატიკაში გამოყენებული ტერმინია, რომლითაც აღინიშნება ცდომილება ზუსტსა და სავარაუდო რაოდენობებს შორის. ეს არის ერთგვარი უზუსტობა გაზომვისას, რასაც ზოგჯერ აბსოლუტურ გაურკვევლობასაც ეძახიან. აბსოლუტური გაურკვევლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა. კოვიდ 19-თან დაკავშირებული მრავალი ასპექტი, მკურნალობის მეთოდებიდან დაწყებული, გავრცელების გზებით დამთავრებული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ანუ აბსოლუტურია ცდომილება კოვიდის მკურნალობის ზუსტ და სავარაუდო მეთოდებს შორის.

ონლაინ წყაროებში ვკითხულობთ, რომ „რეფლექსია „უკან მიბრუნებას“ ნიშნავს, ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერებას, ფიქრს საკუთარ „მე“- ზე, წარსულ მოვლენებზე. ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“.

„აბსოლუტური ცდომილება“, როგორც სახელოვნებო პროექტის კონცეფცია, ექსტრემალურ პირობებში შინაგანი განცდების, ფიქრების და ახალი გამოცდილების ხელოვნების ენაზე თარგმნას, სხვა სიტყვებით, უჩვეულო მდგომარეობაზე მხატვრის შემოქმედებით რეფლექსიას გულისხმობს. არის თუ არა ექსტრემალური სიტუაცია ყოველთვის ნაყოფიერი ან საინტერესო შემოქმედებითად? როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ახალ რეალობას ჩვენთვის ცნობილი სოციო-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემების შესაძლო ცვლილების შემთხვევაში?

„აბსოლუტური ცდომილება“, დაუცველობის შეგრძნებით და შიშებით განპირობებული მდგომარეობის კვლევაა, რომელიც პიროვნების ჩვეული სოციალური დინამიკიდან გამოთიშვას, რამდენადმე გაურკვეველ მომავალს და საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩენას უკავშირდება, როდესაც ცხოვრების აქამდე უცნობი და დაფარული ასპექტები განსაკუთრებული ინტენსივობით ვლინდება და უჩვეულო გამოწვევების წინაშე აყენებს, როგორც მთლიანად სოციუმს, ასევე მის თითოეულ წევრს