ურბანული მხატვრობის აქცია-პერფორმანსი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ურბანული მხატვრობის აქცია-პერფორმანსს (Street Art), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ხელოვანი ანტონი ალბერტი საფრანგეთიდან და ოთარ ცაგარეიშვილი საქართველოდან.
სტრიტ არტისტი, ფოტოგრაფი, მხატვარი და მოქანდაკე ანტონი ალბერტი იგივე Mr. OneTeas ცნობილია როგორც „ჰუმანისტი შემოქმედი’’. მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება სოციალური ქსელები, ვირტუალური რეალობა, გარემოსადმი დაუდევრობა თუ თანამედროვე სამომხმარებლო სამყაროს კრიტიკა. მხატვარი იუმორით დააფიქრებს და დიალოგში იწვევს დამთვალიერებელს 21-ე საუკუნის გამოწვევებზე. ანტონი ალბერტიმ ბოლო 10 წლის განმავლობაში 800-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბრიუსელის, ციურიხის, პრაღის, მოსკოვის, მონაკოს, ნიცის, პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში. იგი გამოირჩევა ხელოვნების ამ სფეროში განხორციელებული ნოვატორული მიგნებებით და მოულოდნელობებით.
ოთარ ცაგარეიშვილი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც, მიუხედავად ასაკისა, უკვე Street Art-ის ცნობილი წარმომადგენელია. ასევე, გახლავთ „Forbes Women Georgia“-ს გრაფიკული დიზაინერი. მონაწილეობა აქვს მიღებული ფესტივალებში „UPFEST" (ბრისტოლი), გაეროს „Global Goals Day“ (ინგლისი). არის რამდენიმე საერთაშორისო პროექტის თუ კამპანიის ლოგოს ავტორი. მოხატული აქვს არაერთი კედელი თბილისში და ასევე გუდაურში, მოძრაობა „ნიკოს“ ფარგლებში.
პროექტის კურატორია ეკა ენუქიძე, რომელიც ხშირად წარადგენს საქართველოში საერთაშორისო პროექტებს. მათ შორისაა ანრი კარტიე ბრესონის გამოფენა „პარიზი“ ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში; რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „მაგნუმი 70“ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმსა და თიბისი გალერეაში; ფოტოგამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ ფრანკფურტში, საქართველოს - საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში და თიბისი გალერეაში. მასთანაა დაკავშირებული ძმები ზუბალაშვილების არქივის გადმოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან „Street Art“-ი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელსაც თანამედროვეობის ყველა ტენდენციის ასახვა შეუძლია და წლების განმავლობაში ათასზე მეტი სტილით განვითარდა როგორც შემოქმედებისთვის თანამედროვე შეხედულებების გამოხატვის საშუალება. სწორედ ამიტომ, პროექტის განხორციელება თანამედროვე ხელოვნების გალერეის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული თანამედროვე სახელოვნებო პროცესის განვითარებისთვის.