არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სამუზეუმო ექსპონატი: ხელით ნუ შეეხებით!

2020

ორბელიანის მოედანზე შუშის კუბის პრეზენტაციების სერიას დედიკას გალერეა ასრულებს აქციით - სამუზეუმო ექსპონატი: ხელით ნუ შეეხებით!

ამჯერად ერთი საუკუნის წინანდელ ნამუშევარს წარმოგიდგენთ კერძო კოლექციიდან და ეს ნამუშევარი ისეთ სახელს უკავშირდება, როგორიც იაკობ ნიკოლაძეა. მას ყველა იცნობს, როგორც საქართველოში ქანდაკების დასავლური ტრადიციების შემომტანს, რომელიც პარიზში სწავლისას როდენის ასისტენტი იყო. ბრინჯაოს მინიატურული ბიუსტი ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება და ჩვილობის ასაკში გარდაცვლილ შვილს ეძღვნება.

ირაკლის პორტრეტი (ბრინჯაო, 20X13X13) შესრულებულია 1922 წელს და ადვილად ამოსაცნობია ბავშვების პორტრეტებისათვის სახასიათო მგრძნობელობა და ნიუანსურობა აღორძინების ეპოქიდან, კერძოდ, აშკარაა მოქანდაკე დეზიდერიო და სატინიანოს სრულყოფილი ნიმუშების პირდაპირი გავლენა, სადაც ჩვილების გამოსახვის ანტიკური ამურების მოდელს დახვეწილი პორტრეტული ნიშნები ემატება. 

იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ეს მინიატურული პორტრეტი, რომელიც მოქანდაკის განცდის სიღრმესა და ბრინჯაოს მასალასთან მუშაობის ოსტატობას თანაბრად აჩვენებს, საჯარო დათვალიერებისთვის შეზღუდული დროით არის გამოტანილი. ამ აქციით გეძლევათ შესაძლებლობა ნახოთ ორიგინალი, რომელიც უკვე ისტორიაა.

კურატორი: ხათუნა ხაბულიანი