არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე

2019

„კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“

რათქმაუნდა კავკასიონი,

რათქმაუნდა ფიქრობდა,

ლურჯი და უკიდეგანო,

იქ, სადაც დაიბადება ის.

ის ერთადერთი.

მე ვიცი , ის იქნება შენი სახლი, ის იფიქრებს და დაგაჯერებს,

გაჭმევს, ჩაგაცმევს,გაგხდის,

მოგცემს და წაგართმევს,

გაგრძნობინებს

შეგაყვარებს და აგიხსნის - რომ ლურჯი ცა, ის და შენ ერთად ხართ კავკასიონი.

სოფო ჩექეზიშვილი

“როდესაც ვხედავ ჩემს წინ კავკასიონს, ასე მგონია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ მას ესმის ჩემი ხმა, ის მხედავს და თან დამყვება, ის ჩემი ენერგიაა, ცხოვრების ბოლომდე ღობესავით გარს მარტყამს. ის მშობელს გავს, დიდია და უშიშარი , ჩემი ადამიანები ცხოვროვბენ ამ ნახატებში მასთან ერთად“. ეს სოფო ჩერქეზიშვილის ხედვაა. ამ ხედვით შეიქმნა პროექტი „ კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“, რომელიც ფერწერული ნამუშევრებისა და ინსტალაცია-ობიექტისგან შედგება.

პროექტში „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“ ფერწერული ტილოების დინამიკა, როგორც უწყვეტი კადრი, გადადის ინსტალაცია-ობიექტითან. თითოეულ მათგანში კავკასიონის ფორმას ამოიკითხავთ . ისინი ქმნიან ჯარს, ცალკე ინდივიდებისა, რომლებიც პატარა მთებივით არიან. ქალის სილუეტები ხისგანაა გამოჭრილი და ყველა მნახველს ექნება საშუალება ერთი წუთით მოირგოს ეს სხეული და გახდეს ამ ჯარის ნაწილი. პროქტში, ერთგვარი მონტაჟის პრინციპით აგებულია მასთან თანამოზიარე სერია „მეც შენნაირი ვარ“ - 7 მცირე ზომის ფერწერული ტილო, რომელიც პროქტის მნიშვნელოვანი დრამატურგიული აქცენტი გახდა, როგორც კედლის „შემოსაზღვრული“ სივრცე. ეს სივრცე ერთგვარი ალუზიაა, რომელიც თავისი კონსტრუქციით კანკელის კარედს მოგაგონებს, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ზღვარს, რომლის იქით უცნობი ნათელით სავსე სივრცე და მუდმივობის გარანტია, რომლის გადაბიჯება ოდესმე ყველას მოგვიწევს. საკურთხევლის კარედთან მსგავსება და ფერწერული ტილო სერიიდან „ კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე „ - ყვავილების თაღში, ცისფერ ფონზე ქალი, უფრო თამამი ასოციაციებისკენ გვიბიძგებს: ყველა ქალი, ლურჯ სამოსში, ღვთისმშობელზე მიგანიშნებთ. ქალი, რომელიც ხან დიდი და გოროზია, როგორც მთების მბრძანებელი, ხან საწოლზე მოხტუნავე პატარა გოგო , რომელსაც მთები მოდარაჯეებად გარს არტყამს, ხან ტყეში მოსეირნე მეოცნებე, ბოლოს კი დედა ყვავილების გვირგვინით გარშემორტყმული; მაგრამ ყველას გაშიშვლებული აქვს მკერდი, მკვეთრად გამოხატული ძუძუსთავით, როგორც სამყაროსთან გახსნილობის, მიმღებლობის, სხვაზე ზრუნვის ნიშანი, ამავე დროს ის საოცრად გავს სამიზნეს სროლაში მოვარჯიშეებისათვის. აქ კი ვერ გაექცევი კიდევ ერთ „გრძნობად აზრს“, რომ ეს ჩვენი სამშობლოს, მის ბედისწერის სიმბოლოცაა.

გამოფენა “კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე” დაფინანსებულია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის”თანამედროვე ხელივნების გალერეა” ფარგლებში

კურატორი: ნინო გუჯაბიძე