ოქროს ეროსი
ოქროს ეროსი - ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია
სერია ეხება მხატვრობას, ზოგადად ხელოვნებას, მის წარსულსა და დღევანდელობას, - ისეთ თემებს, როგორიცაა კლასიკა, ბერძნული ცივილიზაცია თავისი თეოგონიით, აპოლონითა და მუზებით, აფროდიტეთი (Venus) და ზღვის ქაფით, დანაეთი და ოქროს წვიმად გარდაქმნილი ზევსით და რა თქმა უნდა, ეროსით, მისი ყოვლისმომცველი ძალით.
ავთანდილ გახოკიძე თავისი მხატვრობის თემად პირადულ, ინტიმურ გამოცდილებებს იღებს, რომელთაც ხელოვნების ისტორიაში თავისი მხატვრული შესატყვისები მრავლად აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოდესმე ისინი ვინმესთვის შთაგონების წყაროდ აღარ გადაიქცევიან.
პორტრეტების სერია ნატურალისტურად გამოსახულ არტისტულ პერსონაჟებს წარმოადგენს ხაზგასმული ეროტიზმით, სხეულის პლასტიკით, სიშიშვლით, გენიტალიებით, ანდროგინული იდენტობით. დეკორატიული მოტივები როგორც ფონებად, ისე დამოუკიდებელ ნამუშევრებად - ხალიჩა, ყვავილები, ფოთლები, ლეოპარდის მოხატულობა, ოქროს წვიმის ბადე,- პერსონაჟების რეპრეზენტაციას დრამატულსა და ექსტრავაგანტულს ხდის.
ავთანდილ გახოკიძის წინააღმდეგობრივი, ერთგვარად პროვოკაციული სტილი, სადაც ციტირებები დასავლური მხატვრობის ისტორიიდან თანამედროვე სამყაროსთვის სახასიათო ვიზუალურ სანახაობრიობასთან იკვეთება, მას დღეისთვის ერთ-ერთი პოპულარული ტენდენციის წარმომადგენლად აქცევს. საუბარია გლობალიზაციის პროცესებით განპირობებულ არტისტულ ექსპერიმენტებზე, სადაც სხვადასხვა კონტექსების გამოცდილებები ხვდება ერთმანეთს მხატვრულ ჰიბრიდებში, როგორსაც იინკა შონიბარე ან კიანდე უიალი ქმნიან. ამ ხელოვანებთან მხატვრული ფორმა დასავლური ხელოვნების ისტორიისა და აფრიკული თუ აფრო-ამერიკული გამოცდილებების სინთეზით იქმნება და პოსტ-კოლონიალური კრიტიკითა და ნაციონალური იდენტობების აქცენტებით არის განპირობებული. ავთანდილ გახოკიძის მხატვრულ ჰიბრიდებს ისტორიით, აკადემიური გამოცდილებით დაკანონებული მოდელების თავისუფალი მანიპულირება ქმნის, მათი დეკონსტრუქცია, კიტჩურ ელემენტებთან გაერთიანება და განზოგადებული ფორმის უკიდურესად კონკრეტულ იდენტობაში მოქცევა.
- ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.