ქვიშის საათი - კოტე ჯინჭარაძე
დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ კოტე ჯინჭარაძის პერსონალურ გამოფენას "ქვიშის საათი".
ქვიშის საათი არის დროის ფენომენის ავტორისეული კვლევის (ტრილოგიის) მეორე ნაწილი. პირველი პროქტი „დროის სუბსტანციები“ გამოიფინა არტარეას გალერეაში 2015 წელს და ეხებოდა დროის მექანიზმებს - ზედაპირს და შიგთავსს.
ქვიშის საათის მთავარი თემაა თამაში დროში.
ქვიშა მიდის, იცრება, იცრიცება, იპარება, იკარგება, ქრება., როგორც: წამები, წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები, საუკუნე.
ქვიშა არსად მიდის, ქვიშა გადადის მონაცვლეობით, ერთი სამკუთხედიდან მეორეში და პირიქით.ის არსებობს მანამ ჩვენ ვართ, მანამ ჩვენ ვატრიალებთ მინის ერთმანეთთან პატარა გასასვლელით დაკავშირებულ ორ მოცულობას.
ქვიშის საათი მხატვრულ-მეცნიერული კვლევის და ანალიზის თავისუფალი ინტერპრეტაციაა, სადაც შემოქმედებითი პროცესის ძირითადი ხაზი არის ქვებით თამაში
ორი სამკუთხედის ურთიერთკავშირი გვაძლევს სიცოცხლის ვიზუალური კონსტრუქციის სქემატურ სურათს. სამგანზომილებიან მინის სივრცეში მომწყვდეული ქვიშა ადასტურებს ასევე სამგანზომილებიანი დროის თანაარსებობის უტყუარ ფაქტს.
თამაშის არსი და მიზანია ქვიშის ბუნებრივი მდგომარეობის, მისი შემადგენელი ნაწილების: ქვების, კენჭების და თვლების მეშვეობით, ხელოვნური კონფიგურაციის,ზოგადი სტრუქტურის აწყობა.
განლაგებების განუწყვეტელი მოძრაობა სივრცეში, როგორც არამდგრადი და მუდმივად ცვლადი კომპონენტების ერთიანობა ქმნის და აყალიბებს დროის შემადგენელი ნაწილებით მანიპულირების ერთგვარ მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს შინაარსობრივ სტრატეგიული ხასიათის ერთიან პროცესს. სადაც ყოველი ადამიანი, როგორც საზოგადოებაში მყოფი ინდივიდი ეძებს და პოულობს საკუთარი თამაშის პრინციპებს.
საგნებსა და მოვლენებს შორის ღრმა კავშირები და ანალოგიები ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება აღმოაჩინოს სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა სფეროებში.
ეს არის თამაში ზუსტი ან მკაფიოდ დადგენილი წესების გარეშე. თამაში, როგორც ცნობიერებისა და აზროვნების ერთგვარი ფორმა. კონკრეტული სილუეტებით დაგამოკვეთილი კონტურებით, მაგრამ ამავდროულად ბუნდოვანი და ირაციონალური ახსნებით და განსაზღვრებებით.