არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სალომე ელანიძის გამოფენის გახსნა

2018

დედიკას გალერეა (ყოფილი გალა გალერეა) მუშაობს თანამედროვე ქართული მხატვრობის სფეროში და დაარსებიდანვე მისი მთავარი მიზანი იყო თანამედროვე ხელოვნებით სოციუმის ის ჯგუფებიც დაეინტერესებინა, ვისაც ამ სფეროსთან ნაკლები შეხება ჰქონდა. ამ მიმართულებით გალერეას აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები და დღეისთვის ის თბილისის ერთ-ერთი პოპულარული გალერეაა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ტურისტული მარშრუტების გადაკვეთაზე.

დედიკას გალერეის კოლექციაში არის 1980-90-იანი წლების მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც უკვე ისტორიას ეკუთვნის და გარდამავალი პერიოდის სპეციფიკურ ხედვებს ირეკლავს. ფერწერული ნამუშევრების რიცხვი ორი ათასამდეა (2000) , ხოლო გრაფიკული ნამუშევრების რაოდენობა ოთხი ათასს (4000) აღწევს. გარდა ამისა, გალერეა პერიოდულად წარადგენს ფოტოგრაფიას და ვიდეო არტს.

დედიკას გალერეის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპოზიციის ხარისხი, დოკუმენტაცია. ახლახანს გაფართოებული საგალერეო სივრცის გარდა დედიკას გალერეის მომავალ გეგმებშია გარე სივრცეებზე მუშაობა და გაზრდილი მასშტაბების პროექტების განხორციელება. იშვიათი გამონაკლისის გარდა დედიკას გალერეის პროექტები ხორციელდება მხოლოდ თვითდაფინანსებით.

რამდენიმე გამოფენას თან ახლდა ბეჭდური პუბლიკაცია. გალერეამ კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაბეჭდა კატალოგი, სადაც 2014 წლამდე მისი მუშაობის (გალა გალერეის სახელით) ერთგვარი შეჯამებაა და წარმოადგენს პირველი ბეჭდური კატალოგის ნიმუშს, რომელიც ქართული კომერციული გალერეის მიერ არის გამოცემული. კატალოგის მეორე ნაწილი 2018 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. 

დედიკას გალერეა მუშაობს ქართული თანამედროვე მხატვრობის პოპულარიზაციისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბებით.

გალერეა თანამშრომლობს ქართული კონცეპტუალური ფერწერის საუკეთესო წარმომადგენლებთან და ასევე განსხვავებულ მედიუმებში მომუშავე ხელოვანებთან. გალერეისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების ხელშეწყობა და მათი ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა. ის მუდმივად ეძებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ზოგადად სიახლეებს.

17 ივლისს, 19 საათზე დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ 24 წლის მხატვრის, სალომე ელანიძის გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ბოლო ნამუშევრები.