დასავლეთ სექტორი•მურთაზ შველიძე
დედიკას გალერეა წლებია თანამშრომლობს მურთაზ შველიძესთან, რომლის ყველაზე პოპულარული ნამუშევრები სწორედ ამ გალერეამ წარადგინა სხვადასხვა დროს. რამდენიმე მისი ტილო კი დედიკას გალერეის მუდმივ კოლექციაში ინახება.
ამჯერად წარმოგიდგენთ მურთაზ შველიძის გამოფენას - ‘დასავლეთ სექტორი’.
მურთაზ შველიძის მხატვრობა უშუალო და ნოსტალგიურია, ჰგავს ალბომს, რომელიც ერთგვარი „მეგობრობის დღიურია“, რომლის სურათები იწვევენ მოგონებათა ჯაჭვს ურთიერთობებზე, ეფემერულ სიტუაციებზე, დროში გაჩერებულ ემოციებზე. პოპ კულტურის თემები მურთაზ შველიძის ნამუშევრებში ტრადიციული პოპ არტის კრიტიკულსა და ცინიკურ გზავნილებად არ იქცევა. ძველი აფიშების, გაჩერებული კინო კადრების, ტელევიზორებისა და სტადიონების გამოსახულებები ისეთ მხატვრულ ფორმებადაა გარდაქმნილი, რომლებიც ახალგაზრდულ ემოციურ ტალღაზე გადაიყვანს ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებელს. ეს არის აღქმის ისეთი მომენტი, როცა სამყარო მაგიურ ამბებად აღიქმება და პოპ კულტურის ხატები პირად გამოცდილებებს უკავშირდებიან.. მურთაზ შველიძის ტილოები სტადიონების ფრაგმენტებით ურბანული კულტურის პულსაციას გამოხატავს და ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის ნაცნობ ასოციაციებსა და განწყობებს აცოცხლებს. ძველი ტელევიზორები მათზე „შეყინული“ კადრებით სკულპტურა - ობიექტებად გადაიქცევიან და ისინიც მოგონებების დინებას უერთდებიან. ‘ძველი ტელევიზორები’ 1999 წელს შეიქმნა გამოფენისთვის „ხიბლი“. გამოფენაზე წარმოდგენილი სხვა ნამუშევრები კი ბოლო პერიოდს ეკუთვნის და მხატვრისთვის მუდმივად აქტუალური თემის ახალ ხედვებს წარმოადგენს.