კლასი / ბედნიერი ბავშვობა
დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ მიშა გოგრიჭიანის გამოფენას "კლასი (ბედნიერი ბავშვობა)".
გახსნა: 6 დეკემბერი, 19 საათი
მისამართი: თბილისი, ათონელის 27
მიშა გოგრიჭიანი
კლასი (ბედნიერი ბავშვობა)
მიშა გოგრიჭიანის გამოფენა - კლასი (ბედნიერი ბავშვობა) აერთიანებს 1990-იანი წლების მოგონებების თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც პერიოდულად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა გამოფენაზე. თუმცა, დამთვალიერებელს არასდროს უნახავს ისინი ერთიანი ექსპოზიციის სახით, რომელშიც, როგორც მხატვარი ამბობს, დამთვალიერებელი „თავის ყველა მოგონებას იპოვიდა“.
ავტორს ნივთების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ ირგვლიც არსებული საგნები ერთგვარ მიჩვევას, სიყვარულსა და მიჯაჭვულობას იწვევენ და მუდმივად აცოცოცხლებენ მოგონებებს. “1990-იან წლებში ეს ნოსტალგია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ნივთებთან უფრო გაძლიერდა და დავიწყე ამ ყველაფრის გამოხატვა სხვადასხვა მასალით. ეს არ ყოფილა სერიაზე მუშაობის პროცესი.“- ამბობს მიშა გოგრიჭიანი.
გამოფენის სახელწოდება რამდენადმე ირონიულია და იმ სოციალური გარემოს გამოძახილია, რომელშიც ავტორი გაიზარდა. საბჭოთა სოციალისტურმა რეჟიმმა, კომუნისტურმა წყობამ ვაკუუმში მოაქცია მთელი საზოგადოება. დიდისა თუ პატარის აზროვნების ერთნაირად მოწყობამ თავისებური კვალი დაატყო იმდროინდელი ადამიანების ბავშვობის წლებს. „მხიარული“ ბავშვობის, საყვარელი პერსონაჟებისა თუ ნივთების მიღმა არსებობდა კოლექტივიზმისკენ მიმართული, ინდივიდის გაქრობის მანქანა, რომელიც მოზარდების ცნობიერებაზე შეფარულად მოქმედებდა.