არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

Artisterium 2017 No10: შავი ყუთის ჩანაწერები

2017

დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ ზურა აფხაზის გამოფენას "შავი ყუთის ჩანაწერები".

გამოფენა ტარდება არტისტერიუმ 10-ის ფარგლებში და არის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება.

გახსნა: 14 ნოემბერი, 19 საათი

მისამართი: თბილისი, ათონელის 27

შავი ყუთის ჩანაწერები

შავი ყუთი, რომელიც მოთავსებულია საფრენი აპარატის ბორტზე, აკეთებს პერმანენტულ ჩანაწერს აპარატის ტექნიკური გამართულობის შესახებ. იგი იხსნება მხოლოდ მაშინ, როცა ამის საჭიროება არსებობს. მეხსიერება არ გულისხმობს მხოლოდ წარსულს, მეხსიერება გულისხმობს აგრეთვე მომავალს. მეხსიერების მდგომარეობა მოიცავს ორივეს - წარსულს და მომავალს,როგორც ერთიან, ყოვლისმომცველ მუდმივობას, „უდროობას“...

არტისტული პროცესი ერთგვარად ემსგავსება შავი ყუთის ჩანაწერებს, სადაც ფიქსირდება მისი შთაგონების მომენტები, კრიზისული ეტაპები,ეგზალტირებული მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ნამუშევართან და სოციუმთან. „შავი ყუთი“ მეტაფორულად მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა ნამუშევრები გადაიქცევა პროდუქტად, გამოიფინება, ან გახდება ჭვრეტის ობიექტი.

ზურა აფხაზაშვილის პროექტი მოიცავს მულტიმედიურ ექსპოზიციას, სადაც გაერთიანებულია ფერწერა - შავ-თეთრი აბსტრაქციის სახით, ვიდეო უკვე შესრულებული პერფორმანსის დოკუმენტაციით - სათაურით „შავი ყუთი“ და გახსნის დღეს წარმოდგენილი პერფორმანსი - „კამათლები“.

ზურა აფხაზის ფერწერა შავ-თეთრი აბსტრაქციის ორიგინალურ გააზრებას აჩვენებს. დიდი ფორმატის ტილოებზე ის საკუთარი ექსპერიმენტებით მიღებული პიგმენტების გამოყენებით მუშაობს. ნამუშევრები უშუალოდ უკავშირდება მისივე ცხოვრების არაორდინალურ წესს, - ის ერთგვარი აუტსაიდერია, რომელიც ქართული ისტორული არქიტექტურის ცნობილი ნიმუშის - უფლისციხის სიახლოვეს სოფელ ქვახვრელში ცხოვრობს და მის ნამუშევრებში საგრძნობია არქაული მხატვრული ფორმებისგან მიღებული შთაგონება, რომელიც დროისა და სივრცის კავშირებს აბსტრაქტული განზომილებით წარმოადგენს. მისი შემოქმედების ცენტრალური თემა მეხსიერებაა, რომლის არტისტული კვლევის ვიზუალიზაციას ის წარმოადგენს სხვადასხვა მხატვრული საშუალებების გამოყენებით.