კოტე სულაბერიძის პერსონალური გამოფენა - „მიწისქვეშ“.
16 აპრილს Dédicace Gallery და ოპერა დიზაინი გიწვევთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენაზე სახელწოდებით „მიწისქვეშ“(პროექტის „სახლში“ ფარგლებში).
პროექტი "სახლში" გალა გალერეისა და ოპერა დიზაინის ერთობლივი პროექტია. ერთი წლის განმავლობაში ამ სახელწოდების („სახლში“) ქვეშ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა ქართველი მხატვრების პერსონალური გამოფენები. ამ პროექტს საფუძვლად დაედო შემდეგი კონცეფცია: სურათი გალერეასა თუ მუზეუმში განყენებულად აღიქმება, აქ კი ბუნებრივ გარემოში ხვდება, რომლისთვისაც არის კიდეც განკუთვნილი. ოპერა დიზაინის სივრცე ამ შემთხვევაში საერთო კონცეფციის ნაწილია, სადაც ინტერიერი, მასში განთავსებული ნივთებით და გამოფენილი ნამუშევრები ავსებენ ერთმანეთს. ამ სივრცეში თითქოს იშლება ზღვარი ხელოვნებასა და დიზაინს შორის, და გამოფენის მიზანიც სწორედ ისაა, რომ როგორც ზოგადად ინტერიერის ახლებურად აღქმის საშუალება მისცეს დამთვალიერებელს, ასევე დაფიქრდეს მასში ხელოვნების ნიმუშის ადგილზე, შეახსენოს რომ ხელოვნების ნაწარმოების ადგილი არამარტო მუზეუმებსა და გალერეებშია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის სახლშიც.
კურატორები: დედიკა ბულია, ნინო დარასელი
კოორდინატორები: ირინა არსენიშვილი, ნუცი კირცხალია