არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კონსტანტინე მინდაძის პერსონალური გამოფენა - „პორტალები“.

2014

17 ოქტომბერს Dédicace Gallery გიწვევთ კონსტანტინე მინდაძის პერსონალურ გამოფენაზე „პორტალები“.

"ჩემს იდეას შემექმნა სერია პორტალები, საფუძვლად დაედო ფერწერის, სკულპტურისა და მოძრაობის სინთეზი. ჩემი აზრით იგივე ძირეულ არსს ეყრდნობა მარსელ დიუშანის ექსპერიმენტული ფილმი - „ანემიური კინო“/ Anemic Cinema (1926). ამ სამი ძირითადი თემის ხელახალი ძიებისას გადავწყვიტე უფრო მონუმენტური და მაქსიმალურად ზუსტი ფორმისთვის მიმეღწია. წრეების ლოგარითმულ სპირალური პროგრესიით განლაგებისას ვამატებდი ფერის გრადაციებს, რამაც გამოსახულებას სიღრმე მისცა და შედეგად მივიღე ერთგვარი კარებჭისა თუ გვირაბის შეგრძნება, რომელიც ბნელ უსასრულობაში იკარგება. ზედაპირისთვის შერჩეული წრიული ფორმა ნამუშევრებს სკულპტურულობას ანიჭებს, რაც მცირე სივრცეებსაც კი ახლებურად გადაიაზრებს, - გაზრდილი მოცულობითა თუ სიღრმით. ისევე როგორც ჩემს ადრეულ ფრაგმენტაციულ ჟანრში, აქაც არ გამოიყენება მანქანური მექანიზმები და მოქმედებს ისეთი მნიშვნელოვანი და შემაჯამებელი კრიტერიუმები, როგორიცაა მაქსიმალური სიზუსტე, სიცხადე, სისადავე, სწორი გამოთვლები და რაც მთავარია გათვალისწინებულია უმცირესი დეტალები. მართალია, დასაწყისში პროცესი მექანიკურს ჰგავდა მსგავსად პერსევერაციისა, თუმცა შემდეგ ის ჰიპნოზური განწყობის ერთგვარ მედიტაციურ ტრანსად იქცა. აგება ხდებოდა ძალიან ნელი ტემპით, თითოეული ფერის ხელახლა გააზრებითა და მათ შორის გაღწევით, რაც კომპოზიციას სამგანზომილებიან ეფექტს აძლევს, როცა ის რეალურად არ არის სამგანზომილებიანი. თითოეული ფერის პორტალი თავის განწყობას ატარებს: ყვითელი მზის სითბოს აირეკლავს, ცისფერს ჟანგბადი მოაქვს, ზურმუხტისფერ მწვანეს წყლის ტონალობა ახასიათებს, იისფერს თავისი იდუმალება გამოარჩევს, ნაცრისფერი ძალიან მშვიდია, მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალური და წითელი მძიმე, კაშკაშა და განგაშის მომცველია, რადგან შევჩერდი იქ, სადაც ვარდისფერი უნდა დაწყებულიყო.

ისე გამოვიდა, რომ მე აღარ მაქვს ჩემი საყვარელი ფერი - მე ვაფასებ ყოველ მათგანს, მაგრამ როგორც ცალკე მდგომ მთლიანობებს. აზრი აღარ ექნება ჩემგან უფრო დეტალურ აღწერას, რამდენადაც მინდა დამთვალირებელს საკუთარი ინტერპრეტაციისთვისაც დავუტოვო სივრცე, როცა შოუზე ექვსივე კომპოზიციის ერთდროულად ნახვის შესაძლებლობა მიეცემა."

კონსტანტინე მინდაძე