იქ სადაც ბრწყინვალება იღვრება [გალერეა 4710]
სალომე დუმბაძის გამოფენა ‘იქ სადაც ბრწყინვალება იღვრება’ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ეხმიანება და სხვადასხვა კითხვის დასმით, მათ გადააზრებას ცდილობს.
ექსპოზიცია აწყობილია ობიექტებით, რომელთა ფორმა, მასალა და ფერი ხაზს უსვამს თაობებისთვის ნაკარნახებ ფემინურ ესთეტიკას და მეოცე საუკუნის ბოლო წლების ავთენტური ვიზუალისა და სოციალური გამოცდილების პირდაპირი ანარეკლია.
ერთი შეხედვით მბზინავი, თვალისთვის მიჩვეული ფემინური გარემოს უკან პასიური შფოთვაა - სოციუმის მითითებაა თუ მართლა ებმის გენდერული იდენტობის აღქმას ვარდისფერი ფერი?
შფოთის მიუხედავად, მაინც ხელგაშლილი ეხუტები არეკლილ ბრწყინვალებას, რომელიც მხოლოდ ერთხელ აღგაფრთოვანებს, დარჩენილი დრო კი გაუაზრებლად დაგყვება და მხოლოდ თვალს გჭრის, როცა ბრწყინავს.
სალომე დუმბაძე ახალგაზრდა ქართველი არტისტია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი შემოქმედება ტრადიციული ფერწერის ირგვლივ ტრიალებს, თუმცა ასევე მოიცავს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალასა და მედიუმში. სალომეს ნახატებში ხშირად ვხვდებით კონკრეტულ საგნებს ცარიელ სივრცეში, რომლებიც, ჩვეულებრივ, რიტმული ხაზებითა და სრული ტონებითაა დაფარული. მისი ნამუშევრები, როგორც წესი, უშუალო თუ არაპირდაპირი დაკვირვებებისა და კვლევების დოკუმენტაციებია, იქნება ეს ბავშვობისა თუ სხვა, სპეციფიური ემოციების რეფლექსია და გადააზრება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.